თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოსახლეობას პირობა მისცა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებს.
საქართველოს პარლამენტში ბოლო ორი დღე ვნებათაღელვაა. „ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატებმა მოულოდნელად განაცხადეს, რომ 2020 წლიდან საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი არიან. ოთხშაბათს მმართველმა პარტიამ მათთან კონსენსუსის მისაღწევად დრო ითხოვა, ოპოზიციამ კი „ქართული ოცნება" რეფორმის ჩავარდნის შემთხვევაში მძიმე შედეგებზე გააფრთხილა. კანონპროექტის კენჭისყრა ხუთშაბათს უნდა გაიმართოს.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით – ეს იყო ჩვენი გუნდის პოლიტიკური კეთილი ნება, გადაწყვეტილება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იყო გამოძახილი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების დასაჩქარებლად. აქ არაფერი შეცვლილა, ჩვენ ვრჩებით იმავე პოზიციაზე", – აღნიშნა გახარიამ მთავრობის სხდომაზე.
მან იმედი გამოთქვა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატები, რომლებიც საარჩევნო რეფორმის წინააღმდეგ გამოდიან, პოზიციას შეიცვლიან და კონსტიტუციაში ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.
„იმედი მაქვს, თითოეული პარლამენტარი, როდესაც მიიღებს ამ კენჭისყრაში მონაწილეობას, სრულად გაიზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე", – განაცხადა გახარიამ.