თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. მოლდოვაში პრეზიდენტმა იგორ დოდონმა მთავრობის გადადგომის შემდეგ, კონსულტაციები გამართა საპარლამენტო ფრაქციებთან, თუმცა კრიზისის დარეგულირებაში წინსვლა არ არის, იტყობინება Sputnik მოლდოვა.
მოლდოვის პარლამენტმა 12 ნოემბერს მაია სანდუს მთავრობას უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა. მინისტრთა კაბინეტის გადასაყენებლად, 101 ხმიდან 51 ხმა იყო საკმარისი. შედეგად, აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალისტებისა და დემოკრატების 63-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
პროევროპული ბლოკი ACUM, რომელიც ორი პარტიისაგან შედგება, კვლავ არ თმობს თავის პოზიციას, რომ მხოლოდ პრემიერ მაია სანდუსა და მის მინისტრთა გუნდს ენდობა. სოციალისტებმა კი განაცხადეს, რომ მზად არიან ACUM-თან გაერთიანდნენ ახალ საპარლამენტო უმრავლესობაში, მხოლოდ იმ პირობით, რომ შეიცვლება პრემიერი და სამთავრობო სტრუქტურები.
თუკი ბლოკი ACUM არ არის მზად სოციალისტებთან ახალი კოალიციის ფორმირებისათვის, ПСРМ-ში მზად არიან პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნებისმიერი კანდიდატურა განიხილონ პრემიერის პოსტზე.
რაც შეეხება დემოკრატიულ პარტიას ДПМ, მან განაცხადა, რომ არ არის მზად მმართველი კოალიციის ფორმირებისათვის და უპასუხისმგებლობა უწოდა იმას, რომ ქვეყანა ზამთრის წინ მთავრობის გარეშე დარჩა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.
ვადამდელი არჩევნები - ახალი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის კიდევ ერთი გზაა. ამასთან, პრეზიდენტმა და სოციალისტების პარტიამაც განაცხადა მისი არასასურველობის შესახებ, მაშინ, როცა ბლოკი ACUM-ი, დადონის თქმით, „მსხვერპლად აჩვენებს თავს და რეალურად ძალიან უნდა ვადამდელი არჩევნები“.
ამასთან, პარტია „შორ“- მა, თავის მხრივ, მოვლენების განვითარების ასეთ ვარიანტს ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული უწოდა.
პოლიტიკური კრიზისი მოლდოვაში
პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე კანდიდატურა უნდა შეერჩია იუსტიციის სამინისტროსთან არსებულ სპეციალურ კომისიას. თუმცა იუსტიციის მინისტრმა ოლესია სტამატემ კონკურსის შედეგების ანულირება მოახდინა, რადგან ეჭვი შეეპარა შესარჩევი კომისიის წევრების ობიექტურობასა და კანდიდატთა მოუსყიდველობაში.
პრემიერმა სანდუმ, პარლამენტის წინაშე ვალდებულება აიღო პირადად შეერჩია კანდიდატები გენპროკურორის პოსტისათვის. სოციალისტების პარტიამ ბრალი დასდო პრემიერს თანამშრომლობის შეთანხმების დარღვევასა და მთავრობის გადაყენების პროვოცირების მცდელობაში.
თავის მხრივ იგორ დადონმა განაცხადა, რომ შექმნილ მდგომარეობაში სიტუაციის განვითარების რამდენიმე ვარიანტია: ყველაზე სავალალო - მთავრობას უნდობლობას უცხადებენ, ყველაზე უკეთესი კი, მისი თქმით, - პრემიერი სანდუ გადააყენებს თანამდებობიდან ოლესია სტამატეს და გენპროკურორის თანამდებობაზე ახალი კონკურსის ორგანიზებას გააკეთებს.
დადონს არა ერთხელ განუცხადებია, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს გადანაცვლებებს მთავრობაში, თუ ეს აუცილებელი იქნება მინიასტრთა კაბინეტის ნორმალური მუშაობისათვის. მას აღუნიშნავს რომ უკმაყოფილოა ზოგიერთი მინისტრის მუშაობით.