თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საახალწლო ილუმინაციების დამონტაჟებასთან დაკავშირებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, დღეს, 22:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე პეკინის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
ასევე დღეს, 23:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ცოტნე დადიანის, სესილია თაყაიშვილის, გიორგი ლეონიძისა და ჯავახეთის ქუჩებზე.
ქალაქის წინასაახალწლო მორთვის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი" ახორციელებს.
თბილისის მერიამ ახალი წლის სამზადისისთვის 2,8 მილიონი ლარი გამოყო – თბილისი 2020 წელს ახალი ნაძვის ხით, განათებითა და დეკორაციებით შეხვდება.
25 მეტრის სიმაღლის ალუმინის კონსტრუქციის ნაძვის ხის ღირებულება 304,8 ათასი ევროა, სხვადასხვა აქსესუარები და ახალი განათებები კი 525 ათასი ევრო დაჯდება.
ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ მსხვილ კომპანიებს დედაქალაქის საახალწლო ღონისძიებებში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.
თბილისის ცენტრში საახალწლო დღესასწაულის დროს ტრადიციულად გაჩნდება „საახალწლო სოფელი". გასულ წელს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა კონცერტები, კოსტიუმირებული შოუ–წარმოდგენები, საახალწლო ფილმების ჩვენებები და ბაზრობა. ღონისძიებების დიდი ნაწილი კერძო სექტორის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული.