თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საკრებულოს წევრი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც გამოძიება საკუთარ თანამშრომელ ქალზე სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებასა და ცემას ედავება, ინფარქტის დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
თამთა თოდაძის თქმით, დეპუტატი მასთან სექსუალურ კონტაქტს შეეცადა, ხოლო მას შემდეგ, რაც მან მას ურთიერთობაზე უარი უთხრა და მომხდარის ტელეფონზე გადაღებით დაემუქრა, ჯიშკარიანმა ის სცემა, ხოლო ტელეფონი დაუმტვრია.
მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა უცნობია, როდის გაწერენ კლინიკიდან.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა.
ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო.
ჯიშკარიანი ბრალს არ აღიარებს და მომხდარს „შავ პიარს” უკავშირებს.