თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ინტერნეტში გამოჩნდა ფილმ Now is Everything-ის ტრეილერი, რომელშიც მთავარი როლები შეასრულეს კინოვარსკვლავმა ენტონი ჰოპკინსმა და ქართველმა მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ.
ფილმის რეჟისორები ვალენტინა დე ამიჩისი (Valentina De Amicis) და რიკარდო ფედერიკო სპინოტი (Riccardo Spinotti) არიან.
ფილმი ახალგაზრდა ფოტოგრაფ ნიკოლასზე (Nikolas Yarna) მოგვითხრობს, რომლის როლსაც ქარველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე ასრულებს. მისი ცხოვრება საიდუმლოებებითა და შიშებით არის სავსე, რის გამოც ახალგაზრდა მამაკაცი და მის ირგვლივ მყოფი ადამიანები უჩვეულო სიტუაციებში ვარდებიან.
ფილმში ასევე მონაწილეობენ ჯეკ ნიკოლსონის ვაჟი რეი ნიკოლსონი (Ray Nicholson) და სტინგის ქალიშვილი მიკი სამნერი (Mickey Sumner).
ფილმის სცენარზე მუშაობდა ამერიკული კინოაკადემიის პრემია „ოსკარის" ორგზის ნომინანტი დანტე სპინოტი.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი კვირიკაძე ერთადერთი ქართველი არ არის, რომელიც ფილმშია დაკავებული. ფილმზე მუშაობდა აგრეთვე მხატვარი ლაშა ზამბახიძე.
ქართული მასმედიის ცნობით, ფილმის პრემიერა ტალინში (ესტონეთი) 22 ნოემბერს გაიმართება.
მსახიობი ირაკლი კვირიკაძე, რომელიც პოპულარული გახდა რეზო გიგინეიშვილის ფილმ „მძევლების" შემდეგ, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. ასევე დაამთავრა სტელა ადლერის (Stella Adler Studio of Acting) სამსახიობო სტუდიის კურსები. ეს არის აშშ-ის ყველაზე ცნობილი პედაგოგისა და ცნობილი მსახიობის სკოლა, რომელიც თავის დროზე გაიარეს რობერტ დე ნირომ, ბენისიო დელ ტორომ, მარკ ლუფარომ. 2018 წლის 20 თებერვალს ახალგაზრდა მსახიობი European Shooting Stars Award-ის პრიზის მფლობელი გახდა.
მსახიობის კინოდებიუტი შედგა ფილმში „თბილისო, მე შენ მიყვარხარ".