თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. Mercedes-Benz Fashion Week-ზე დიზაინერ ლევან შველიძის ჩვენება საზოგადოების უმრავლესობამ უარყოფითად შეაფასა. Mercedes-Benz Fashion Week TBILISI-ის ოფიციალურ “ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნებულ ჩვენების ფოტოებს სოციალური ქსელის მომხმარებლები უარყოფითად აფასებენ და ნეგატიურ კომენტარებს უწერენ დიზაინერს.
„სასაცილო იქნებოდა სატირალი რომ არ იყოს”; „რომელი ბიჭია და რომელი გოგო გასაპარსი ფეხებითაც ვერ ვარჩევ, გოგოებიც გაუპარსავები დადიან მგონი მალე გადავშენდებით. ესენი რომ ძილის წინ მენახა, ვეღარ დავიძინებდი, რას გვანან, ტფუი ეშმაკს”; „არ მეგონა მოდის კვურეულში ჰიბრიდული ჯიშის ცხოველები თუ მონაწილეობდნენ”, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ფოტოების კომენტარებში.
რამდენიმე თვის წინ დიზაინერმა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ცდილობს იმ თემების ირგვლივ იტრიალოს, რაც ქვეცნობიერში, ან სიზმარში ერთხელ მაინც განუცდია ადამიანს.
„მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეულზე წარმოვადგენ ახალ კოლექციას, ირონიულ პოსტმოდერნისტულ ქვიარ სამყაროს ეძღვნება, რომელშიც ხაზი იდენტობას და შინაგან ხასიათს აქვს გასმული, რაც ფიზიკურ სამყაროში ბოლომდეა მატერიალიზებული. ვცდილობ, იმ თემების ირგვლივ ვიტრიალო, რაც ქვეცნობიერში ან სიზმარში ერთხელ მაინც განუცდია ადამიანს“, – განაცხადა დიზაინერმა.