თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. დაბა მესტიაში წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წყალარინების გამწმენდ ნაგებობას ააშენებს, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გაერთიანებული კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ და ერთობლივი საწარმო Toshiba & In-Si-ს წარმომადგენელმა ზვიად თოიძემ.
პროექტის ფარგლებში აშენდება ნაგებობა, რომელიც ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ეკოლოგიური დაბინძურების საფრთხეს.
ნაგებობა აღიჭურვება სატუმბი სადგურებით, ფილტრებით, აერაციისა და დალექვის ავზებით, ასევე იქნება საოპერაციო და ადმინისტრაციული შენობები, დამატებით მოეწყობა დაახლოებით 2,5 კმ წყალარინების ქსელი.
ახალი ნაგებობების ამოქმედება მნიშვნელოვნად დაეხმარება ადგილობრივი მოსახლეობისა და მესტიაში ჩასული ტურისტების ყოფითი პირობების გაუმჯობესებას.
სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის აპრილში დასრულდება. პროექტს აფინანსებს აზიის განვითარების ბანკი (ADB). მისი ღირებულებაა 21 მილიონ ლარზე მეტი.
სოფელ დიღომში კანალიზაციის სისტემის მშენებლობა დაიწყო>>
ამჟამად გამწმენდი ნაგებობები შენდება მარნეულში, ანაკლიაში, ზუგდიდსა და გუდაურში. ანალოგიური მშენებლობები დაგეგმილია ქუთაისში, ბაღდათში, ვანში, სამტრედიაში, მარტვილში, ხაშურში, სტეფანწმინდაში, სოფელ მუხრანში, დაბა ფასანაურში, ბახმაროში, აბასთუმანში. გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ცოტა ხნის წინ დასრულდა ურეკში.