თბილისი, 5 ნოემბერი - Sputnik. ქვეშეთელი ბექა ბუჩუკური, რომელიც სოციალური ქსელის ვარსვკლავი მის მეგობარ მარიამთან ერთად გახდა, გასართობმა ცენტრმა დაპატიჟა და მას „მანიქაშითაც“ გაუმასპინძლდა.
„ისევ ჩვენი უსაყვარლესი სტუმრის, ბექას ფოტოები უნდა გაგიზიაროთ. ამჯერად ბექა მეგობრებთან ერთად გვესტუმრა და დიდი მხიარულებაც გავმართეთ. რაც მთავარია, დანაპირები შევუსრულეთ და 100 ვერა, მაგრამ 4 ჯამი „მანი ქაშა“ დავახვედრეთ“, – წერს გასართობი ცენტრი.
ბექა ბუჩუკური და მარიამ ნარიმანიძე პოპულარულები სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს შემდეგ გახდნენ. ფოტო „მთიული და-ძმა სკოლისკენ“ „ფეისბუქის“ ერთ-ერთ გვერდზე გავრცელდა, რომელსაც ათასობით კომენტარი და მოწონება აქვს. ფოტოს ავტორად მითითებული იყო გიორგი ნადირაშვილი. შემდეგ გაირკვა, რომ ბავშვები და-ძმა არ არიან, ისინი თანასოფლელები არიან. მთიული პატარები რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის გადამღებმა ჯგუფმა ფილმში გადასაღებად შეარჩია და სასცენო ფორმაში გამოწყობილები ერთ დღეში პოპულარულებიც გახადა. ფილმში, რომელსაც ცნობილი ქართველი რეჟისორი იღებს, არის სცენა, სადაც მთავარი გმირი თავის ბავშვობას იხსენებს. ანა და ბექა რეჟისორმა, სავარაუდოდ, ამ გმირის მოგონებების გასაცოცხლებლად აირჩია.