თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისის ხიდზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით აიკრძალება, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
კერძოდ, მოძრაობა ხიდზე, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალზე მდებარეობს, აიკრძალება 5 ნოემბრის 21:00 საათიდან 6 ნოემბრის 08:00 საათამდე.
მითითებულ დროს ხიდზე გადაიტანენ ბეტონის დასაგებ მექანიზმს, რომელიც აუცილებელია ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის.
ტრანსპორტის ნაკადი გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთისა და ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზაზე გადაინაცვლებს.
მითითებული რეჟიმით ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.