თბილისი, 4 ნოემბერი - Sputnik. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებულ პაატა მაჭარაშვილს 10 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრა: დაკავებულის გასათავისუფლებლად ხელმოწერებს აგროვებენ >>
ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა, რაც მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა.
მოსამართლემ გაითვალისწინა მაჭარაშვილის თანასოფლელების მიერ თავდებში დადგომა და გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვილი 800 ხელმოწერა.
სასამართლომ მაჭარაშვილს გირაოს უზრუნველყოფის ვადა 30 დღით განუსაზღვრა.
შემთხვევა სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო ბოდბეში 1 ნოემბერს ღამე მოხდა. ქვემო ბოდბეში მცხოვრებმა პაატა მაჭარაშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილი, კობა თარაშვილი სანადირო თოფით დაჭრა. შემთხვევას მხარეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.
მაჭარაშვილის თანასოფლელების მტკიცებით, გამგებლის შვილი ე.წ. ქურდული მეთოდებით მაჭარაშვილისთვის ხორბლის გამოძალვას ცდილობდა.
განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს მირზაანის რწმუნებული და ამბობს, რომ აგრესიულად არა მისი შვილი, არამედ დაკავებული პაატა მაჭარაშვილი იქცეოდა, რომელმაც კობა თარაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კონფლიქტის შემდეგ დაკავებულმა კობა თარაშვილს ინციდენტის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, მანქანაში მჯდომარეს ესროლა.
31 წლის კობა თარაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში, რეანიმაციაში იმყოფება. მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად მძიმედ აფასებენ.
მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.