თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე სატრანსპორტო აკრძალვა ნაწილობრივ მოხსნილია, ნათქვამია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე.
დიდთოვლობა საქართველოში: გზებზე შეზღუდვები ამოქმედდა >>
გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის პარასკევს ძლიერი თოვლის გამო დაიკეტა.
გზის ყველაზე პრობლემური, გუდაური-კობის მონაკვეთი ჯერჯერობით გახსნილია მსუბუქი ავტომობილებისთვის. მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
„ყაზბეგი-ზემო-ლარსი“ საქართველო-რუსეთის საზღვარზე დღეისათვის ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.
აგრეთვე, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.