თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. ძლიერმა წვიმებმა სამტრედიაში პრობლემები შექმნა, იუწყება პირველი არხი.
რამდენიმესაათიანი წვიმის შედეგად, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და შიდასასოფლო გზები.
მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მათი ინფორმაციით, უხვმა ნალექმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მოსახლეობას.
სტიქიის ზონაში იმყოფებოდა სამტრედიის მერი ვალერი ფოცხვერია, რომელიც დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა.
„მიზეზს წარმოადგენს ყუმურის, გომის, შუახისა და მასში შემავალი არხების მთიდან ჩამოსული ნაკადით ამოვსება, რამაც გამოიწვია დატბორვა. საჭიროა ყუმურისა და მასთან დამაკავშირებელი არხების გაწმენდა. მოხდება შედეგების აღწერა და კომპლექსური ღონისძიებები გატარდება“, - განაცხადა სამტრედიის მერმა.
საქართველოში მეორე დღეა წვიმს. ძლიერმა წვიმამ სერიოზული პრობლემები შექმნა აგრეთვე აჭარაში, სადაც რამდენიმე რაიონში მეწყრული პროცესები დაიწყო.
სინოპტიკოსები გამოდარებას ხვალიდან ვარაუდობენ.