თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შსს-მ იანვარ-სექტემბერში დაარეგისტრირა 48,8 ათასი დანაშაული, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,3%-ით მეტია, ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.
სამ კვარტალში დაახლოებით 16,3 ათასი დანაშაული გახსნეს. შედარებისთვის, გასულ წელს 43,9 ათასი დანაშაულიდან 15,7 ათასი გახსნეს.
დანაშაულის დინამიკა
იანვარი | 5 574 |
თებერვალი | 5 927 |
მარტი | 6 214 |
აპრილი | 5 579 |
მაისი | 5 697 |
ივნისი | 5 714 |
ივლისი | 5 952 |
აგვისტო | 5 962 |
სექტემბერი | 5 261 |
ჩადენილი დანაშაულებიდან პირველ ადგილზეა ქურდობა. წლის დასაწყისიდან დაფიქსირდა 15,5 ათასი ფაქტი, რაც ყველა დანაშაულის 30%-ს აჭარბებს. ამასთან დაფიქსირდა ქურდობების შემთხვევების 12,8%-იანი ზრდა.
მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. იანვარ-სექტემბერში სამინისტრომ დაარეგისტრირა 3,9 ათასი მსგავსი დანაშაული, ანუ 4%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში.
ყველაზე გავრცელებული დანაშაულების სამეულს ასრულებს ნარკოდანაშაული - 3,8 ათასზე მეტი (+36,7%). როგორც წესი, ასეთი შემთხვევების გახსნის პროცენტი მაღალია - 73,4%.
დაფიქსირდა კლება ტრანსპორტთან დაკავშირებულ დანაშაულში - 11,5%. შსს-მ დაარეგისტრირა 2,4 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა, საიდანაც ფატალურად 262 შემთხვევა დასრულდა.
რაც შეეხება საქართველოს მთავარ მიღწევას - წარმატებულ ბრძოლას მექრთამეობასთან, - წლის დასაწყისიდან ქრთამის აღების 50 შემთხვევა დაფიქსირდა. ამდენივე შემთხვევა გასული წლის ცხრა თვეში დაფიქსირდა.