თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. უნიკალური თბილისური დასი – კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი, რომელიც ცნობილია თავისი თავბრუდამხვევი აკრობატული ნომრებითა და ემოციური საცეკვაო და მუსიკალური დადგმებით, მინსკში სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალ Teatralny Kufar-ის ფარგლებში სპექტაკლ „ასტიგმატისტებით“ 23 ნოემბერს გამოვა.
ფესტივალი Teatralny Kufar 2004 წლიდან ყოველწლიურად ტარდება. წელს იგი ბელარუსის დედაქალაქში 18–25 ნოემბრის პერიოდში გაიმართება. ქართულ კოლექტივთან ერთად ფესტივალს ეწვევიან რუსეთის, უკრაინის, პოლონეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ნეპალისა და სხვა ქვეყნების დასები.
„ასტიგმატისტები სამყაროს სხვანაირად ხედავენ, მაგრამ ისინიც კი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. უკმაყოფილო ბაბუა ცდილობს დაიცვას ოჯახური ტრადიციები. მამა საკუთარ იუბილეზე უსარგებლო საჩუქრებს იღებს. ახალგაზრდა გოგონა ჩუმად ხვდება შეყვარებულს. ფუსფუსი და ვნებათაღელვა, რომელიც ერთხელ იწყება, თქვენ ასტიგმატისტების ოჯახის სახალისო სამყაროში მოგახვედრებთ“, – ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაში.
სპექტაკლის რეჟისორია იოსებ ბაკურაძე, კომპოზიტორი – სანდრო ნიკოლაძე. კომედიურ დადგმაში მონაწილეობენ ანა თალაკვაძე, ლექსო ჩემია, მიხეილ ზაქაიძე, მარიამ ბალახაძე და უჩა მჟავია.
კახა ბაკურაძის „მოძრაობის თეატრი" ერთ-ერთი საყვარელი თეატრალური დასია საქართველოში. მის სცენაზე შესაძლებელია შექსპირის, გოეთეს, დანტეს, ზიუსკინდის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლების ხილვა.