გიორგი გახარია: საქართველოს პატრიარქი ეკლესიის და სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა

© photo : Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე საქართველოს საპატრიარქოში 31 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საპატრიარქოში ხუთშაბათს განვითარებული მოვლენები არის მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოზე და ეკლესიაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

წმინდა სინოდმა ხუთშაბათს მეუფე პეტრეს (ცაავა) ჩამოართვა მიტროპოლიტის წოდება, სინოდის წევრობა და მონანიებისთვის მონასტერში გაგზავნა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მამათმავლობის მფარველობაში დასდო ბრალი. მამა პეტრეს განცხადებით, მან სინოდისგან მოწმეების წარდგენისთვის დრო მოითხოვა, თუმცა ამაზე უარი მიიღო. იმავე დღეს მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ ოფიციალური განმარტება გაავრცელა. წმინდა სინოდის წევრებმა განაცხადეს, რომ ქართულ ეკლესიას პატრიარქის ასეთი შეურაცხყოფა, როგორიც მას მამა პეტრემ მიაყენა, არ უნახავს. ილია მეორემ, თავის მხრივ, სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მამა პეტრე, რომელიც განსაკუთრებული მღვდელმსახური იყო, ასე შეიცვალა.

საეკლესიო ზარები - Sputnik საქართველო
საეკლესიო სკანდალი – ეპარქიის სასულიერო პირები მიტროპოლიტის რეზიდენციაში იკრიბებიან
„ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, გახლავთ მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოზე და ეკლესიაზე. რა თქმა უნდა, გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ ქვეყნის წყნარი, მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ასეთი მცდელობა ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვნახეთ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოს და მთავრობასთან მიმართებაში, დღეს, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს არის დაუშვებელი.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიის და სიმბოლო სახელმწიფოებრიობის და არავის არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ვერც სახელმწიფოში და ვერც ეკლესიაში მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენოს ჩვენი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამ განცხადებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიას კომენტარი არ გაუკეთებია. 

 

ყველა ახალი ამბავი
0