თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა იწყება, იუწყება ტელეომპანია „იმედი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრენებს ინდური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ინდიგო“ (IndiGo – InterGlobe Aviation Limited) განახორციელებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, დელი-თბილისი-დელის საჰაერო ხაზზე პირველი რეგულარული რეისი 2020 წლის 5 მარტს შესრულდება. ავიაკომპანია ფრენებს ყოველდღიურად, Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელებს.
საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აქამდე არ განხორციელებულა. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის თაობაზე შეთანხმებას 2018 წლის 11 აპრილს მოეწერა ხელი.