მეუფე პეტრე, ერისკაცობაში პაატა ცაავა, დაიბადა 1970 წელს სენაკში. დაამთავრა სასულიერო სემინარია.
2000 წლის ივლისში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით გაიგზავნა ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში სასულიერო და კულტურული ცენტრის დაფუძნების მიზნით. იქვე აღიკვეცა ბერად.
2002 წელს პეტრე სტეფანწმინდას და ხევის ეპისკოპოსად დაინიშნა, ხოლო 2006 წელს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის ეპარქიას ჩაუდგა სათავეში.
2007 წლის იანვარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მეუფე პეტრე მთავარეპისკოპოსად აკურთხა. ხოლო 2010 წლის ივლისში ჭყონდიდის მიტროპოლიტი გახდა.
2008-2018 წლებში მეუფე პეტრე საქართელოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებას“ ხელმძღვანელობდა.
წმინდა სინოდმა 2019 წლის 31 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება მეუფე პეტრესთვის ჭყონდიდის მიტროპოლიტობის და სინოდის წევრობის ჩამორთმევის და მსახურების აკრძალვის შესახებ. საპატრიარქოს განმარტებით, ამის მიზეზი გახდა მისი უხამსი საქციელი. მღვდელმთავარმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეურაცხყოფა მიაყენა და მამათმავლობა დააბრალა.