თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა პირველმა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მეექვსე ტურში სერბეთის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 4:0, ჩემპიონატს ბათუმი მასპინძლობს.
რაც შეეხება მეორე ნაკრებს, ჩვენმა მოჭადრაკეებმა პოლონეთის გუნდთან შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულეს. მესამე ახალგაზრდულმა ნაკრებმა კი ჰოლანდიის გუნდს დაუთმო – 1:3.
საქართველოს მამაკაც მოჭადრაკეთა ნაკრები არცთუ წარმატებით ასპარეზობს. პირველი გუნდი ჩეხეთის ნაკრებთან ანგარიშით 1,5:2,5 დამარცხდა, მეორე ნაკრებს კი შვედეთის გუნდმა 0,5:3,5 სძლია.
რაც შეეხება საერთო გუნდურ ჩათვლას, ქალ მოჭადრაკეთა პირველი ნაკრები მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე რუსეთის გუნდია. მეორე ნაკრები მეოთხე ადგილზე, მესამე კი 27-ე ადგილზეა.
რაც შეეხება მამაკაცთა გუნდებს, პირველი ნაკრები მე-15 ადგილზეა, მეორე – 32-ზე.
მომდევნო ტურში ქალი მოჭადრაკეები აზერბაიჯანელ სპორტსმენებს დაუპირისპირდებიან, მეორე ნაკრები – უკრაინის გუნდს, ახალგაზრდული ნაკრები კი ნორვეგიელ მოჭადრაკეებთან ცდის ბედს.
ევროპის ჩემპიონატში 39 ქვეყნის გუნდები მონაწილეობენ. ტურნირი შვეიცარული სისტემით ცხრა ტურად ტარდება. საპრიზო ფონდი როგორ მამაკაცთა, ისე ქალთა გუნდებისთვის ერთნაირია: პირველი ადგილი – 8 ათასი ევრო, მეორე ადგილი – 5 ათასი ევრო, მესამე ადგილი – 3 ათასი ევრო. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია 32 ათასი ევრო.