„TV პირველს“ კიბერშეტევისას სერვერებიდან გატაცებული ინფორმაციის გამოქვეყნებით დაემუქრნენ

© courtesy of Kaspersky Labზიანისმომტანი პროგრამული უზრუნველყოფა
ზიანისმომტანი პროგრამული უზრუნველყოფა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ვატო წერეთლის განცხადებით,სერვერი ემსახურება გადაცემების ეთერში გაშვებას და დღის განმავლობაში ჟურნალისტების გადაღებული მასალების არქივს

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ტელეკომპანია „TV პირველმა“  მუქარის წერილი მიიღო, რომელის თანახმადაც, თუ არხის ხელმძღვანელობა გამომგზავნს 500 ბიტკოინს სამ დღეში  არ ჩაურიცხავს, წინააღმდეგ შემთხვევაში კიბერშეტევისას  სერვერებიდან წაღებული ინფორმაცია გასაჯაროვდება, დაწერა ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა Facebook-ზე.

28 ოქტომბერს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა. ჰაკერებმა, წინასწარი ინფორმაციით, ასობით ვებ-გვერდს შეუტიეს და დააზიანეს ტელეკომპანია „იმედისა" და „მაესტროს" სერვერები. ბევრ სამთავრობო და კერძო სტრუქტურის ვებ-გვერდზე ოფიციალური პირველი გვერდების ნაცვლად ჰაკერებმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით I'll be Back („მე დავბრუნდები").

„თუ ჩვენს მიერ გამოგზავნილ ანგარიშის ნომერზე 3 დღეში 500 ბიტკოინი არ აისახება, დავიწყებთ ყველა ინფორმაციის გასაჯაროებას, რომელსაც გულმოდგინედ უფრთხილდებოდით“, - ნათქვამია ტელეკომპანიისთვის გამოგზავნილ წერილში.

ტელეკომპანიის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებით, არხის სერვერებზე განსაკუთრებული არასდროს არაფერი ინახებოდა. სერვერი ემსახურება გადაცემების ეთერში გაშვებას და დღის განმავლობაში ჟურნალისტების გადაღებული მასალების არქივს.

„კიბერშეტევის შემდეგ ეს სერვერი დაათვალიერეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. არ ვიცით, რა გეგმა დგას დღეს ჩვენთან გამოგზავნილი წერილის უკან. მოვუწოდებთ საგამოძიებო სტრუქტურებს, მიმართონ შესაბამის ღონისძიებებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩვენი სერვერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ გადაცემების ეთერში გასვლას“, - დაწერა ვატო წერეთელმა სოციალურ ქსელში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

ჰაკერული შეტევა - Sputnik საქართველო
მასობრივი კიბერშეტევის შედეგი საქართველოში - „იმედი" და „მაესტრო" შეფერხებით მაუწყებლობს

კომპანია Pro-Service-ის ინფორმაციით კი, თავდასხმა ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე კომპანიაზე განხორციელდა და ერთ-ერთი ადრესატი კომპანია Pro-Service-ის მფლობელობაში არსებული სასერვერო გახდა, სადაც განთავსებულია სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და მედია-ორგანიზაციების ვებ-გვერდები. თავდასხმის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა კომპანია Pro-Service-ის სერვერებზე განთავსებული ვებ-გვერდების დიდი ნაწილი.

კომპანიის ცნობით, 29 ოქტომბრის 03:00 საათზე უკვე აღდგენილი იყო Pro-Service-ის ჰოსტინგზე არსებული ყველა ვებ-გვერდი.

მათივე ცნობით, ინციდენტის ძირითადი მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია. თუმცა, მიმდინარე საგამოძიებო სამუშაოებიდან გამომდინარე სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი თავის განცხადებაში არ გამორიცხა, რომ სხვადასხვა ქართულ ვებ-გვერდზე მასშტაბური კიბერშეტევა უცხოეთიდან განხორციელდა. სამინისტრომ აღნიშნა, რომ დაზარალებული კომპანიების უდიდეს ნაწილს ჰოსტინგურ მომსახურებას უწევენ ქართული კერძო კომპანიები.

ყველა ახალი ამბავი
0