თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შსს არ გამორიცხავს, რომ სხვადასხვა ქართულ ვებ-გვერდზე მასშტაბური კიბერშეტევა უცხოეთიდან განხორციელდა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორშაბათს ჰაკერებმა, წინასწარი ინფორმაციით, ასობით ვებ-გვერდს შეუტიეს და დააზიანეს ტელეკომპანია „იმედისა" და „მაესტროს" სერვერები. ბევრ სამთავრობო და კერძო სტრუქტურის ვებ-გვერდზე ოფიციალური პირველი გვერდების ნაცვლად ჰაკერებმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით I'll be Back („მე დავბრუნდები").
შსს-ს მონაცემებით, თითოეულ ვებ-გვერდზე შეტევის სტილი იდენტურია. სამინისტრომ აღნიშნა, რომ დაზარალებული კომპანიების უდიდეს ნაწილს ჰოსტინგურ მომსახურებას უწევენ ქართული კერძო კომპანიები.
„შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან. შინაგან საქმეთა სამინისტრო, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა", - ნათქვამია განცხადებაში.
შსს ახორციელებს ყველა იმ პირის გამოკითხვას, ვინც შესაძლოა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, ასევე, სწავლობს ტექნიკას. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
„ამ დროისთვის, უმეტეს ვებგვერდებზე წვდომა აღდგენილია. უახლოეს პერიოდში სხვა ვებგვერდების ფუნქციონირებაც სრულად აღდგება", - აღნიშნულია განცხადებაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.