#CampСamp2019: არდადეგები ბარიკადებზე

© photo : Ruptlyფორუმი CampСamp2019 მოლდოვაში
ფორუმი CampСamp2019 მოლდოვაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოლდავეთის დედაქალაქში 15 ქვეყნის ახალგაზრდა „სამოქალაქო აქტივისტების" ყოველწლიური სემინარი გაიმართა. მკაცრად გასაიდუმლოებულ გარემოში ღონისძიებაზე მოხალისეებს ესაუბრებოდნენ ხელისუფლებასთან ბრძოლის სტრატეგიაზე, მასობრივი პროტესტის ორგანიზებასა და მედიამხარდაჭერაზე.

CampСamp2019-ის კონფერენციაზე, რომელიც კიშინიოვში 24-27 ოქტომბერს ჩატარდა, სიტყვით გამოვიდა ქართველი ჟურნალისტიც, რომელმაც დამსწრეთ განუმარტა, როგორ ეწყობა საქართველოში ანტისამთავრობო ფლეშმობები და გაუზიარა „ქეისი", რატომ ჯობს „პოსტებთან" სიცილის რეაქციების დასმა: არასასურველი კომენტარების წაშლა შესაძლებელია, მაგრამ რეაქციისა - არა.

მოლდოვაში კონფერენციას ორგანიზება გაუკეთა პარიზის სამოქალაქო ცენტრმა (Prague Civil Society Centre, PCSC), რომელიც აშშ-ის ბიუჯეტიდან „სანქციების მეშვეობით ამერიკის მოწინააღმდეგეებთან ბრძოლის შესახებ" (CAATSA ) კანონის ფარგლებში ფინანსდება.

კონფერენციაზე დასასწრებად ევროპისა და აზიის 15 ქვეყნიდან 300 ადამიანი ჩავიდა. ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებმა, მოხალისეებმა, ბლოგერებმა, ინსტაგრამ-ინფლუენსერებმა, მარკეტოლოგებმა და სხვა შემოქმედებითმა ადამიანებმა - ყველამ პატარა კიშინიოვში მოიყარა თავი. მიუხედავად იმისა, რომ კონფერენცია დახურული იყო, „Sputnik-მოლდოვას" კორესპონდენტმა მაინც შეძლო მის შესახებ ინფორმაციის მოძიება.

„ლექციების, დისკუსიების, შემოქმედებითი ექსპერიმენტებისა და მასტერ-კლასების ოთხი დღე, რომლის დროსაც მარკეტინგის, რეკლამისა და მედიის სფეროების აქტივისტები და პროფესიონალები ეძებენ რეალურ მეთოდებს, როგორ გახადონ მსოფლიო უკეთესი", - იუწყება კონფერენციის ოფიციალური საიტი.

როგორც გაირკვა, სინამდვილეში ეს პროფესიონალები ბელარუსიდან, ყირგიზეთიდან, რუსეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და აღმოსავლეთ ევროპის კიდევ ათამდე ქვეყნიდან ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ ქვეყნებში ხელისუფლების შეცვლისა და რუსეთის გავლენასთან ბრძოლის გამოცდილებას.

2018-19 წლებში ამგვარი გამოცდილების გაზიარებისთვის 250 ათასი დოლარია გამოყოფილი.

სრული კონსპირაცია

ამგვარი კონსპირაცია კიშინიოვისთვის უჩვეულოა. ორგანიზატორებს კონფერენციის ჩატარების ადგილიც კი არ გაუმხელიათ. სემინარის ოფიციალურ ვებგვერდზე მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მისამართი იყო მითითებული ჟურნალისტების აკრედიტაციისათვის.

CampCamp2019-ისთვის მონაწილეები საგულდაგულოდ შეირჩნენ

ღონისძიებაზე მოხვედრა ჟურნალისტისთვის უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ცენტრალური საგამოძიებო სამმართველოს შტაბბინაში. მონაწილეებსაც აკრძალული ჰქონდათ ორგანიზატორებთან საფოსტო მიმოწერა. კავშირის დამყარება მხოლოდ სოციალური ქსელით შეიძლებოდა.

ვინ და რას ასწავლიდა ახალგაზრდობას CampCamp2019-ზე

ზედიზედ ოთხი დღე ასობით მონაწილე, რომელიც წარმატებულ თვითრეალიზაციაზე ოცნებობს, ათობით გამოსვლას უსმენდა.

მოწვეულმა ლექტორმა, მოსკოვში მცხოვრებმა მწერალმა ლინორ გორალიკმა წაიკითხა ლექცია ფერვერტაიზინგსა და ახალგაზრდულ მარკეტინგზე. ლონდონელმა კრისტინა ვაზოვსკიმ ისაუბრა ქსელებში პოპულარობის მოპოვების მეთოდებზე. უკრაინელმა მედიააქტივისტმა ვლად კრილევსკიმ - მედიაში მილენიალების ადგილზე.

„რუსეთის სამხედრო აგრესია ყირიმში აბსოლუტურ კატასტროფად მესახება", - უკრაინულ პრესაში გამოქვეყნებული გორალიკის ეს განცდები კონფერენციის ორგანიზატორების დიდი მოწონებით სარგებლობს.

„რადიო თავისუფლების" უკრაინული სამსახურის თანამშრომელმაც, ვლად კრილევსკიმაც პოპულარობა არა მხოლოდ მილენიალების შესწავლით, არამედ ოკუპირებული დონბასისა და გოლოდომორის შესახებ პუბლიკაციებითა და ფეისბუქში რუსული ტროლების საწინააღმდეგო კამპანიის მხარდაჭერით მოიპოვა. შედეგად, სემინარის პროგრამა გადავსებული იყო რუსულ პროპაგანდასთან და რუსულ გავლენასთან ბრძოლის, მასობრივი პროტესტის ორგანიზებისა და მედიამხარდაჭერის შესახებ ლექციებით.

კიშინიოვში ასწავლიდნენ, როგორ უნდა წარიმართოს პროტესტი, რომ მოსაწყენი არ გახდეს

„არდადეგები ბარიკადებზე - პროტესტის ასი დღე" - ჟღერს სემინარზე, მაგრამ ასი დღე დიდი დროა და მანიფესტანტები შეიძლება დაიღალონ. ამიტომ გამოსვლას განაგრძობენ მომხსენებლები ნიუ-იორკის არტისტიზმის ცენტრიდან და სკოპიეს თანამედროვე ხელოვნების ცენტრიდან.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელოვნებას პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს, ძალიან შემცდარა. CampCamp-2019-ის მტკიცებით, ხელოვნება პოლიტიკურ ტვირთს უნდა ეზიდებოდეს.

სემინარზე გამოდიან ბელარუსები, რომლებიც პრაღის სამოქალაქო ცენტრის ყველა საერთაშორისო პროგრამის ყველაზე აქტიური მონაწილეები არიან. მათ შორის არის ბელარუსის სახალხო ფრონტის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც მხარს უჭერს ბელარუსსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაწყვეტას, ევროინტეგრაციას და ნატოში გაწევრიანებას.

2018 წლის ნოემბერში იგი კოორდინირებას უწევდა ამერიკული რადიოსადგურის, „რადიო თავისუფლების" რუმინული სამსახურის შექმნას.

ეს მედიამოვლენა არ არის

2017 წლის დეკემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა ტენდერი მოლდავეთში დამოუკიდებელი მასმედიის მხარდაჭერის პროგრამის ორგანიზებასა და ჩატარებაზე. აქცენტი გაკეთდა ჟურნალისტთა ახალგაზრდა თაობაზე, რომელიც მომავალში მოლდავურ მასმედიას უნდა ჩაუდგეს სათავეში.

2018 წლის მარტში დაიწყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული გრანტების პროგრამა არასამთავრობო სექტორისთვის, რომლის ამოცანაა, „აღადგინოს რწმენა იმისა, რომ მოლდავეთის ევროპული გზა მართებული არჩევანია".

გრანტების ცალკე პაკეტია გამოყოფილი „სახელმწიფოს მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების მხრიდან რისკების შემცირებისთვის". გასაგებია, რომ საუბარია რუსეთის სამხედრო დანაყოფებზე დნესტრისპირეთში, რომელიც აშშ-ს და ევროკავშირს „მთავარ რისკად" მიაჩნიათ.

დასაწყისისთვის თითოეული ასეთი პროექტისთვის 25 ათასამდე დოლარია გამოყოფილი. მოლდავეთში ანტირუსული განწყობის ჩამოსაყალიბებლად პროექტებს აფინანსებენ ნატოში აშშ-ის მოკავშირეებიც.

იანვარში Anonymous დაჯგუფების ჰაკერებმა ინტერნეტში გამოაქვეყნეს ბრიტანული საიდუმლო სახელმწიფო პროექტის Integrity Initiative დოკუმენტები, რომელთა შორის აღმოჩნდა აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ, მოლდავეთში „რუსეთის გავლენის" შესასუსტებლად ექსპერტთა და სამოქალაქო აქტივისტთა ქსელის შექმნის დირექტივები.

მეზობელი რუმინეთი და უკრაინა უკვე დიდი ხანია ამ კალაპოტში არიან მოქცეული. თუმცა მოლდავეთი ტაქტიკურ მედიარუკებზე კვლავ რჩებოდა „თეთრ ლაქად". ბოლო ათი წელია, მასაც პროდასავლური მთავრობები ჩაუდგნენ სათავეში.

ყველა ახალი ამბავი
0