თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის უფროსი გიორგი ღამბაშიძე ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების ევროპის და ევრაზიის ქსელის (EUROSOLAN) თავმჯდომარედ 2 წლის ვადით აირჩიეს, იტყობინება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
დამფუძნებელი შეხვედრა, მოლდოვაში, ქალაქ კიშინოვში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ეგიდით გაიმართა.
შეხვედრაზე EUROSOLAN-ის მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. ამავე შეხვედრაზე შეიქმნა თემატური ჯგუფებიც, რომლებიც იმუშავებენ ნიადაგის ლაბორატორიული კვლევის მეთოდების ჰარმონიზაციაზე ევროპის მასშტაბით და ლაბორატორიათა შორის შედარებითი კვლევების საფუძველზე, შეარჩევენ საუკეთესო მეთოდებს, რომლებიც ნიადაგის მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად, ნიადაგის რეგიონული და გლობალური თემატური რუკების შექმნისა და ნიადაგის მსოფლიო საინფორმაციო სისტემის (GLOSIS) პერიოდული განახლებისთვის იქნება გამოყენებული.
EUROSOLAN ნიადაგის კვლევის ლაბორატორიების მსოფლიო ქსელის (GLOSOLAN) რეგიონულ კავშირს წარმოადგენს, სადაც, ევროპის ქვეყნების ლაბორატორიებთან ერთად, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორატორიაც არის გაწევრიანებული.
ამასთან, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შესაძლებლობა ეძლევა 2020 წელს EUROSOLAN-ის მეორე შეხვედრას საქართველოში უმასპინძლოს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ცენტრის საქმიანობის წარმოჩენას და ევროპელ პარტნიორებთან სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას.