ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე - „რაინეარი“ფრენებს იწყებს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ნოემბერს შესრულდება

თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარი“ (Ryanair) თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

Wizz Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ერთით ნაკლები: Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს

ქართულ მხარესა და ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 21 აგვისტოს გაფორმდა, ხოლო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ 24 ოქტომბერს მიენიჭა.

პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ნოემბერს შესრულდება.

სააგენტოს ცნობით, ფრენები მილანი-თბილისი-მილანის, მარსელი-ქუთაისი-მარსელის და ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიას საჰაერო ხაზებზე შემდეგი განრიგით განხორციელდება:

მილანი-თბილისი-მილანი – 6 ნოემბრიდან, კვირაში ოთხი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას;

მარსელი-ქუთაისი-მარსელი – 7 ნოემბრიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;

ბოლონია-ქუთაისი-ბოლონია – 9 ნოემბრიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.

ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

„რაინეარი“ ირლანდიის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 1984 წელს დაფუძნდა. სათაო ოფისები : შვეიცარიაში, დუბლინსა და ირლანდიაში აქვს. ძირითადი საექსპედიციო ბაზები დუბლინსა და ლონდონის სტენტის აეროპორტებშია.  2016 წელს რეინეირი ყველაზე მსხვილ ევროპულ კომპანიად დასახელდა, რომელიც მგზავრების რეკორდულ მაჩვენებელს მოემსახურა.

ყველა ახალი ამბავი
0