თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობამ ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა თხოვნით, შეუწყვიტოს უფლებამოსილება ანა დოლიძეს, მიზეზად კი მისი პოლიტიკური გეგმები მოიშველია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის სასამართლო სისტემის მაკოორდინირებელი ორგანო, რომლის მიზანიც ხარისხიანი და ეფექტური მართლმსაჯულების ხელშეწყობაა. სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება პირველი ორი ინსტანციის სასამართლოთა მოსამართლეების დანიშვნა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა, ასევე საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება.
„ანა დოლიძისთვის იუსტიციის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის მიზეზი დოლიძის პოლიტიკური საქმიანობაა, რაც საბჭოს წევრის სტატუსს არ შეესაბამება. ამასთან იგი სისტემატურად არღვევს ეთიკას და მისი ქმედებები მიმართულია არა მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ, არამედ ზიანს აყენებს უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტს, რომელმაც იგი თანამდებობაზე დანიშნა - საქართველოს პრეზიდენტს“, - განაცხადა საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა სხდომაზე.
პრეზიდენტისადმი მიმართვას საბჭოს 15-დან 11-მა წევრმა მოაწერა ხელი.
დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2018 წლის იანვარში პრეზიდენტის კვოტით გახდა. ამ პოსტზე იგი წარადგინა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, იმავე წლის დეკემბერში კი მომდევნო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ანა დოლიძე საბჭოში დატოვა.
დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორიდან ერთ-ერთი კრიტიკულად განწყობილი წევრია. იგი მუდმივად ადანაშაულებს თავის კოლეგებს სასამართლოების კლანური მმართველობის ხელშეწყობაში. მისი სიტყვებით, ვითარების გამოსწორება სასამართლო რეფორმითაც ვერ მოხერხდა.
ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ზეგანაკვეთურ მუშაობას აპროტესტებენ>>
ამას წინათ დოლიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური საქმიანობის დაწყებას აპირებს.
„ანა დოლიძე - საბჭოს ერთადერთი მოქმედი წევრია, რომელიც საჯაროდ გამოდის და საუბრობს წინასაარჩევნო და პოლიტიკურ გეგმებზე. მე ვადასტურებ, რომ ის ერთადერთია ასეთი საბჭოში. ჩვენ გვყავს სხვა კრიტიკულად განწყობილი საბჭოს წევრებიც, მაგრამ ქალბაქონ ნაზისთან (ჯანეზაშვილი, რედ.) არ გვაქვს პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ იგი სასამართლო საქმიანობის ფარგლებს სცდება“, - აღნიშნა საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.
თავად ანა დოლიძე თავისი კოლეგების მიმართვას პრეზიდენტისადმი აფასებს, როგორც პოლიტიკურ დევნას.
„ვფიქრობ, ესაა პოლიტიკური დევნა ჩემი, როგორც სისტემასთან მებრძოლის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ქალბატონი სალომეს გადაწყვეტილება ლაკმუსის ქაღალდი იქნება - რამდენად გახდება იგი ამ პოლიტიკური დევნის ნაწილი და რამდენად იქნება ამ მავნე სისტემის კრიტიკის მხარეს“, - განაცხადა დოლიძემ.
დოლიძეს მხარი საქართველოს ექსპრეზიდენტმაც დაუჭირა.
„ვამაყობ, რომ ასეთი ადამიანი მე წარვადგინე და იგი ქვეყანას ეხმარება უკეთესი სასამართლოს მიღებაში“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.
საბჭოს წევრების ქცევას, რომლებმაც ზურაბიშვილს მიმართეს, მან სამარცხვინო უწოდა.
პრეზიდენტისადმი მიმართვას გადაჭარბებული უწოდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.