თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზოუკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათშორისი კომისია შეიქმნა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი სიტყვებით, სპეციალური კომისიის შემადგენლობაში ათი სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები შედიან.
90-იანი წლების დასაწყისისა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზოუკვლოდ დაკარგულად 2300 ადამიანი ითვლება. 2010 წლიდან წითელი ჯვრის ეგიდით ორი მექანიზმი მოქმედებს: ქართულ-აფხაზური და ქართულ-რუსულ-ოსური, რომლის ფარგლებშიც დღემდე მოხერხდა 187 სამარხის გახსნა და იდენტიფიცირებული იქნა 178 პირი, რომელთა ნეშტები დაუბრუნდა ოჯახებს.
„ჩვენ ვთვლით, რომ ვალდებული ვართ კიდევ უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ, რა თქმა უნდა, წითელ ჯვართან ერთად, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ პროცესში. მინდა საერთაშორისო ორგანიზაციას მადლობა გადავუხადო ამ პროცესის წარმატებით წარმართვისთვის. მინდა ამ მექანიზმების ყველა მონაწილეს მადლობა გადავუხადო, ვინაიდან მათთან თანამშრომლობის გარეშე, ამ სფეროში არაფერი გამოვა", – განაცხადა ციხელაშვილმა.
მინისტრის სიტყვებით, ახალი კომისიის მთავარი ამოცანა იქნება პროცესის ინტენსიურად და მაქსიმალურად კოორდინირებულად წარმართვა.
„მოვუწოდებთ ყველა პირს, რომელსაც აქვს რაიმე სახის ინფორმაცია შეირაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვალოდ დაკარგულთა ადგილსამყოფელის შესახებ ან თავად ჰყავს ასეთი ოჯახის წევრი და ჯერ არ განუცხადებიათ, მიმართონ კომისიას. ეს არის პროცესი, რომელიც ემსახურება დაკარგული პირების ბედის დადგენას", – განაცხადა ციხელაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ ტერიტორიების სუვერენიტეტი აღიარა, საქართველომ კი საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.