გომელაური და კალაძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაძლებლობებს გაეცნენ

გამოწერა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზაზე გამართულ სახანძრო-სამაშველო საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზაზე გამართულ სახანძრო-სამაშველო საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ

სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალკვალიფიციური ფრანგი ინსტრუქტორები 22 ქართველ მეხანძრე-მაშველს ერთკვირიან სწავლებას უტარებენ და ხანძრის ქრობის მიმართულებით ამზადებენ. საჩვენებელი სწავლება აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში გაიმართა.
მეხანძრე-მაშველებმა სასწავლო მოედანზე სიმაღლიდან დაშვება განახორციელეს და „დაშავებული“ მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს, ასევე, ძლიერი დაკვამლიანების პირობებში და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გაჩენილი იმიტირებული ხანძრები ჩააქრეს.
ვახტანგ გომელაური და კახა კალაძე იმ მეხანძრე-მაშველთა ჯგუფს შეხვდნენ, რომლებმაც მაღაროებში სამაშველო ოპერაციების წარმოების ინტენსიური წვრთნა სამხრეთ აფრიკაში გაიარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ამ დროისთვის უკვე ჰყავს მაღაროში სამაშველო ოპერაციების წარმოების მიმართულებით მაღალ დონეზე მომზადებული პროფესიონალები, რომლებსაც წვრთნა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ბაზაზე აქვთ გავლილი და სამომავლოდ ქართველ კოლეგებს გადაამზადებენ.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები სამსახურში მიმდინარე ტექნოლოგიურ სიახლეებს გაეცნენ და სამაშველო დრონები დაათვალიერეს, რომლებიც წელს, პირველად ჩაერთნენ სამაშველო ოპერაციებში. მათი მეშვეობით შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, საზღვაო სეზონზე, შტორმის დროს 2 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. მულტიფუნქციური სამაშველო დრონები გამოიყენება როგორც წყალზე სამაშველო ოპერაციების დროს, ასევე, ხანძრის გავრცელების არეალის შესასწავლად, სხვადასხვა სახის სამაშველო ოპერაციების დროს ტერიტორიის დაკვირვებისა და მონიტორინგის წარმოების მიზნით.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და თბილისის მერმა ბაზაზე არსებული ფსიქოლოგის ახალი კაბინეტი დაათვალიერეს. აღნიშნული კაბინეტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ოქტომბრიდან ამოქმედდა და მეხანძრე-მაშველებს სტრესთან გამკლავებაში ეხმარება. ფსიქოლოგთან შეხვედრა მიმდინარეობს როგორც ჯგუფურად, ასევე, ინდივიდუალურად.
გარდა ამისა, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზაზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის ავტოპარკს უკვე შეემატა Toyota Hilux-ის მარკის 15 ახალი მანქანა. ავტომანქანების ნაწილი დეპარტამენტის რეგიონულ სამსახურებს გადაეცა. ამასთანავე, გაიზარდა საშტატო ერთეულები და გადამზადდნენ თანამშრომლები, რომლებიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შენობების სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს გადაამოწმებენ და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ზედამხედველობის დეპარტამენტში განხორციელებული სიახლეები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მის ეფექტიან მუშაობას და ქვეყანაში ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების რისკების შემცირებას.
შინაგან საქმეთა მინისტრი და დედაქალაქის მერი, ასევე, გაეცნენ ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანის შესაძლებლობებს, რომელიც წელს, პირველად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების მიზნით, სამორიგეოდ დააყენა.
ღონისძიების დასასრულს, სახანძრო-სამაშველო ბაზაზე გამწვანების აქცია გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა და ფრანგმა ინსტრუქტორებმა, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ფიჭვის 100 ნერგი დარგეს.

ყველა ახალი ამბავი
0