თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ვირუსი აქვს, ინფორმაციას გვარამია სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს და ფოტოსაც აქვეყნებს.
ფოტოზე ჩანს, რომ ტელეკომპანიის დირექტორი გადასხმას იკეთებს. მისი თქმით, „ყველასთვის ასე სჯობია“.
ტელეკომპანია „მთავარმა არხმა", რომელიც „რუსთავი 2"-ის სკანდალურად ცნობილმა ექს-დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა, მაუწყებლობა 9 სექტემბერს დაიწყო.
ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზიის დაარსება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „რუსთავი 2"-ის მფლობელის შეცვლის დღესვე ტელეკომპანიის გენდირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით არხი დატოვეს წამყვანმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც ახალი მფლობელები ხელისუფლების დაკვეთის აღსრულებასა და თავისუფალი სიტყვის მიზანმიმართულ დახშობაში დაადანაშაულეს.
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა „მთავარი არხის“ ხელმძღვანელობის განცხადება ავტორიზაციის მოდიფიკაციის შესახებ, რადგანაც ყველა დოკუმენტი წესრიგში იყო. ამასთან, კომისიამ „მთავარი არხი" გააფრთხილა „მაუწყებლობის შესახებ" კანონის დაცვის აუცილებლობის შესახებ. საერთო მაუწყებლობის ავტორიზაცია წარმოადგენს ახალი ამბების გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქ–შოუების ტრანსლაციის უფლებას.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს მონაცემების თანახმად, „მთავარი არხის" მფლობელები გახდნენ ნიკა გვარამია (51%) და კახაბერ ანჯაფარიძე (49%). ამასთან, გვარამია ტელეკომპანიის გენდირექტორის პოსტს იკავებს, დირექტორები კი არიან „რუსთავი 2"-ის ყოფილი იურისტები დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი. ფინანსურ დირექტორად დაინიშნა ირაკლი ნიჟარაძე.
გვარამიამ, თავის მხრივ, პირობა დადო, რომ „მთავარი არხი" იქნება ისეთივე კრიტიკული ხელისუფლების მიმართ, როგორიც იყო „რუსთავი 2" მისი ხელმძღვანელობის პირობებში.