ძლიერი აფეთქება მოხდა გურამიშვილის გამზირზე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, რამაც დიდი ზიანი მიაყენა ამ შენობას, დაზიანებები გამოიწვია აგრეთვე დაახლოებით 50 მეტრის რადიუსში. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სურათები ტრაგედიის ადგილიდან.
აფეთქების შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი. სამი მათგანი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. კლინიკაში რჩება 39 წლის სოსო ჯავახიშვილი, რომელიც აფეთქებული ბინის მეპატრონეა. მან სხეულის 60%-ის დამწვრობა მიიღო.
ჯავახიშვილის ბინაში აღმოაჩინეს კუსტარულად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი. სპეციალისტებმა ის რამდენჯერმე გააფრთხილეს საშიშროების შესახებ, თუმცა მამაკაცმა გაფრთხილებას ყურადღება არ მიაქცია.
ამ დროისათვის საცხოვრებელი კორპუსიდან ყველა მოსახლე ევაკუირებულია. დაახლოებით 170 ადამიანი სხვადასხვა სასტუმროებში გადაანაწილეს. აფეთქების ადგილზე მუშაობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და ნაძალადევის რაიონის ადმინისტრაცია.