პოლიტიკის ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია დაქორწინდა. ისტორიკოსი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს. გრიგოლ გეგელიას რჩეული სალომე კანდელაკია.
მისი თქმით, წყვილმა ერთმანეთი სრულიად შემთხვევით გაიცნო ოთხი წლის წინ, იმ დროს თვითონ იტალიაში ცხოვრობდა, სალომე საქართველოში.
„წარმოდგენაც კი არ მქონდა, რა მელოდა რამდენიმე დღით სამშობლოში დაბრუნებულს. მაგრამ ერთ ლამაზ, წვიმიან საღამოს მივხვდი, როგორ ძალიან მიყვარდა. მას მერე სულ მიყვარს. ერთად გავიარეთ ათასი სიგიჟე, სირთულე, გამოწვევა, მრავალი ლხინი. არასდროს, წამით არ დაგვიხევია უკან. ჩვენი მედგარი სიჯიუტით ვებრძვით ხოლმე ჯერ ერთმანეთს და მერე ყველა გამოწვევას. რა გადარეულებიც ჩვენ ვართ, ასეთივე გადარეულ ტემპში გამოვიარეთ გზა ნიქოზის საკათედრო ტაძრიდან თბილისამდე, სადაც საკუთარ ხელმოწერაზე ვაგვიანებდით და რომ არა იუსტიციის სახლის ბრწყინვალე წარმომადგენლის კეთილშობილება, ჯერაც არ გვექნებოდა ხელი მოწერილი. მაგრამ, ცხადია, ასე უნდა ყოფილიყო, რადგან ჩვენ ასეთი ვართ და სხვაგვარად წარმოუდგენელია. ვმადლობ განგებას ამ დიდი საჩუქრისთვის!“, - წერს გრიგოლ გეგელია.