თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. ხონში იუსტიციის სახლი გაიხსნა, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, იუსტიციის დღე პირადად მიულოცა იუსტიციის სისტემის თანამშრომლებს. პროფესიული დღესასწაული იუსტიციის სისტემის წარმომადგენლებმა იუსტიციის სახლის ხონის ფილიალში აღნიშნეს.
იუსტიციის დღის ოქტომბრის თვეში აღნიშვნა საქართველოს პირველ რესპუბლიკასა და 1918 წლის 11 ოქტომბერს უკავშირდება. სწორედ 11 ოქტომბრის კანონით, დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან დაარსდა საკოდიფიკაციო განყოფილება, რომელიც ახორციელებდა კანონმდებლობის კოდიფიკაციასა და „კანონთა და მთავრობის განკარგულებათა კრებულის“ ოფიციალურ გამოცემას.
დღემდე იუსტიციის დღე ყოველ წელს 11 ოქტომბერს საზეიმო ღონისძიებით თბილისში აღინიშნებოდა, თუმცა, მიმდინარე წელს პირველად პროფესიული დღესასწაული რეგიონში იზეიმეს და ამით ხონის იუსტიციის სახლის გახსნა აღნიშნეს.
იუსტიციის დღის აღსანიშნავ ზეიმს იუსტიციის სამინისტროს სისტემის სხვადასხვა უწყებიდან მოწვეული სტუმრები, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და იუსტიციის სახლის ოცდასამივე ფილიალის თანამშრომლები ესწრებოდნენ. საზეიმო ღონისძიებაზე გამოვლინდა და დაჯილდოვდა იუსტიციის სახლის წლის ყველაზე სწრაფი სამი ფილიალი.