თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. პროკურატურაში მოწმის სტატუსით გამოკითხეს სკანდალურად ცნობილი ჟურნალისტი გიორგი გაბუნია, რომელმაც ივლისის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
„მთელი პროცესი არის ერთი დიდი მასკარადი”: ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება >>
ჟურნალისტის თქმით, არის მცდელობა, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დააპატიმრონ.
„იდენტური საქმეა, რაც ჩემი კოლეგების შემთხვევაში იყო და ბუნებრივია ხელი მომაწერინეს გაუთქმელობაზე. პირველ რიგში არის იმის მცდელობა, რომ „მთავარი არხის „გენერალური დირექტორის დაპატიმრება მოხდეს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ გამოუვათ, მაგრამ გამოკითხვები ბოლომდე უნდა მიიყვანონ. გვარამიას დაჭერა რომც ვერ მოხერხდეს, მთავარი არხისთვის ხელის შეშლაა გამოძიების მიზანი“, - განაცხადა გაბუნიამ.
გაბუნიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, გაბუნიასთან კითხვები ჰქონდათ, თუ რა მოვალეობას ასრულებდა, აგრეთვე ანაზღაურებას იღებდა თუ არა გაწეულ შრომაში.
„ზოგადი ხასიათის კითხვებით იყო გამოძიება შემოფარგლული, განსაკუთრებული არაფერი. პასუხები გასცა გაბუნიამ და დასრულდა გამოკითხვები. კითხვები ეხებოდა ანაზღაურებას, მათ შორის პრემიებს. დაიბარებენ თუ არა განმეორებით, მე ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.
ორი კვირის წინ პროკურატურამ გამოკითხა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე.
პროკურატურა გაბუნიათი და მელაძით „რუსთავი2“-ის თანხების გაფლანგვის საქმის ფარგლებში დაინტერესდა. მას შემდეგ, რაც ტელეარხმა 18 ივლისს მფლობელები შეიცვალა, გამოირკვა, რომ არხს დიდი ფინანსური პრობლემები აქვს. თუმცა, გამოძიება უფრო ადრე დაიწყო – როდესაც ერთ–ერთმა ადრინდელმა თანამფლობელმა ნინო ნიჟარაძემ მიმართა გამოძიებას. პროკურატურას მიმართა ასევე ტელეკომპანიის ახალმა დირექტორმა პაატა სალიამაც.
აღსანიშნავია, რომ ორივე ჟურნალისტს დიმიტრი საძაგლიშვილი იცავს.