თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. დიმიტრი ცინცაძის ქართულმა ფილმმა „შინდისი“ ვარშავაში საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი „საერთაშორისო კონკურსის“ კატეგორიაში მოიპოვა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის განცხადებაში.
ქართული კინოს მომავალი – თბილისში თანამედროვე კინოინდუსტრიის განვითარებას განიხილავენ >>
ვარშავის კინოფორუმზე, რომელიც 11-20 ოქტომბერს იმართება, ფილმის რეჟისორმა დიმიტრი ცინცაძემ ასევე პრიზი „საუკეთესო რეჟისორის“ ნომინაციაში მიიღო.
ფილმი „შინდისი“ მოგვითხრობს სოფლის ისტორიას, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომი გადაიტანა. ფილმი ეფუძნება რეალურ ისტორიებს და დაღუპული გმირების ხსოვნას ეძღვნება.
აღსანიშნავია, რომ დიტო ცინცაძის ფილმი „შინდისი“ აშშ-ის კინოაკადემიის პრემია „ოსკარზე" ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი" საქართველოდან არის წარდგენილი.
ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალი პოლონეთის დედაქალაქში 1985 წლიდან იმართება.
„WFF ისევე განსხვავდება სხვა ფესტივალებისგან თავისი პროგრამით, როგორც ვარშავა განსხვავდება სხვა ქალაქებისგან. ფილმების შერჩევისას ყოველთვის გვახსოვს ჩვენი აუდიტორია - ადგილობრივი ვარშაველები“, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.
ისინი ხაზს უსვამენ, რომ მათი მიზანია - ფილმის ჩვენება მანამდე, სანამ ის „ოსკარს“ მოიპოვებს, რადგან ისინი არ დაეძებენ ცნობილ რეჟისორებს, არამედ ახალ სახელებს აღმოაჩენენ.