თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში სამრეკლოს ქუჩაზე მაშველებმა ჭაში ჩავარდნილი მამაკაცი ამოიყვანეს, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახური.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, სამრეკლოს ქუჩაზე მამაკაცი ჭაში იყო ჩავარდნილი და საჭირო იყო მაშველების დახმარება.
„შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც მოქალაქე ჭიდან ამოიყვანეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს აღენიშნებოდა მცირე დაზიანება თავის არეში. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, აცხადებენ უწყებაში.