მომღერალი გურულები და ინგლისური ფირმა „გრამოფონი“ – ყველაზე ძველი ქართული ჩანაწერი

© photo: Lili Gogebashvili / FBლილი გოგებაშვილი
ლილი გოგებაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს რადიოს „ოქროს ფონდი“ დიდი ხანია, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ საგანძურად ითვლება. მისი ექვსი დიდი საცავი 75 ათასამდე ჩანაწერს ინახავს.

„გუგლის“ საძიებო სისტემაში რომ რადიოს „ოქროს ფონდის“ ყველაზე ძველი ჩანაწერი 1914 წლით თარიღდება, ჩვენმა რესპონდენტმა, რომელიც ამ ფონდის რედაქტორი და ფონოტეკარია, ამის შესახებ უკეთ იცის.

ქალბატონი ლილი გოგებაშვილი რადიოს „ოქროს ფონდში“ უკვე 40 წელია მუშაობს. წერს ლექსებს, გამოცემული აქვს პოეტური კრებული „ფერიცვალებას ველი“. ნაყოფიერი საქმიანობისთვის საქართველოს მწერალთა კავშირმა მას „ამაგდარის“ წოდება მიანიჭა.

ჩვენთან საუბარში მან რადიოში გატარებული წლები, ცნობილი რადიო-დიქტორები და მსახიობები გაიხსენა. რაც მთავარია, ფონდის ყველაზე ძველ ჩანაწერს ის 1907 წლით ათარიღებს...

© hoto: courtesy of Lili Gogebashviliლილი გოგებაშვილი
მომღერალი გურულები და ინგლისური ფირმა „გრამოფონი“ – ყველაზე ძველი ქართული ჩანაწერი - Sputnik საქართველო
ლილი გოგებაშვილი

ქალბატონო ლილი, თავიდან დავიწყოთ, რომელ წელს და როგორ აღმოჩნდით რადიოში?

- რადიოში 1969 წელს ქართული ხალხური სიმღერების ლოტბარმა, საუკეთესო შემსრულებელმა და ფონდის უფროსმა, ბატონმა აკაკი ურუშაძემ მომიყვანა. მაშინ მე უმაღლესში საბიბლიოთეკო საქმეს ვსწავლობდი. 1968 წელს, როცა ბოლო კურსზე ვიყავი, ბატონი აკაკი დირექციაში მობრძანდა, რათა რადიოში პრაქტიკისთვის საუკეთესო სტუდენტები აერჩია. იმ დროს ტელევიზიის ახალ შენობაში არქივის განყოფილება ყალიბდებოდა. იმ დროს ჩვენს განყოფილებას ფონოტეკა ერქვა. ბიბლიოთეკა და ფონოტეკა მონათესავე პროფილია, ფაქტობრივად ორივეგან ერთი და იგივე სამუშაოები სრულდება, ამიტომ მან ჩვენ შეგვარჩია.

© hoto: courtesy of Lili Gogebashviliოჯახთან ერთად
მომღერალი გურულები და ინგლისური ფირმა „გრამოფონი“ – ყველაზე ძველი ქართული ჩანაწერი - Sputnik საქართველო
ოჯახთან ერთად

- ფონდში მოსვლამდე რადიოს თუ უსმენდით?

- რა თქმა უნდა, ვუსმენდი. მე სოფელში დავიბადე და გავიზარდე, იმ დროს რადიოში საბავშვო გადაცემები და რადიოსპექტაკლები გადიოდა და დედასთან ერთად ყოველთვის სიამოვნებით ვუსმენდი... მოგვიანებით, როცა ინსტიტუტში პრაქტიკა დაგვიმთავრდა, დაგვპირდნენ – როგორც კი განყოფილებაში ადგილი გამოჩნდებოდა, შტატში მიგვიღებდნენ. ასე მოვხვდი „ოქროს ფონდში“. მას „ოქროსი“ იმიტომ დაერქვა, რომ აქ ისეთი უნიკალური ჩანაწერებია, რომლებიც ქვეყნისთვის ოქროზე ძვირად ფასობს.

© hoto: courtesy of Lili Gogebashviliთანამშრომლებთან ერთად
მომღერალი გურულები და ინგლისური ფირმა „გრამოფონი“ – ყველაზე ძველი ქართული ჩანაწერი - Sputnik საქართველო
თანამშრომლებთან ერთად

- ყველაზე უფრო ღირებული და ყველაზე ძველი მათ შორის რომელია?

- დღეს ფონდში უნიკალური ჩანაწერებია, ოღონდ ახლა ისინი ციფრულ მატარებელზეა გადატანილი. ყველაზე ძველი ჩანაწერი 1907 წელს ჩაწერილი ქართული ხალხური სიმღერებია, რომლებსაც ასრულებს გურული მომღერლების ანსამბლი გიგო ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით. ის სიმღერები ინგლისურმა სააქციონერო საზოგადოება „გრამოფონმა“ ჩაიწერა. მომღერლები ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთიდან იყვნენ და ისინი ასი წლის წინ თბილისში ჩამოსულმა ინგლისელებმა ჩაწერეს. ხმის რეჟისორი ფრანც ჰამპე გახლდათ.

© hoto: courtesy of Lili Gogebashviliრეზო მიშველაძესთან ერთად
მომღერალი გურულები და ინგლისური ფირმა „გრამოფონი“ – ყველაზე ძველი ქართული ჩანაწერი - Sputnik საქართველო
რეზო მიშველაძესთან ერთად

- მომღერლების სახელი და გვარი თუ არის ცნობილი?

- დიახ, ცნობილია, მაკვანეთის ანსამბლის წევრები იყვნენ: გიორგი ბაბილოძე, გიორგი იობიშვილი, ნანიკო ბურძგლა (ნანიკო კაცს ერქვა), ერმალო მოლარიშვილი, ივლიანე კეჭაყმაძე, არტემ ერქომაიშვილი და ლუკა თოიძე. მათ შორის უხუცესი მაკვანეთელები იყვნენ. სხვათა შორის გიორგი ბაბილოძის, გიორგი იობიშვილისა და გიგო ერქომაიშვილის ტრიო მე-19 საუკუნის 70-იან წლებში უკვე მთელ გურიაში იყო ცნობილი.

© hoto: courtesy of Lili Gogebashviliლილი გოგებაშვილი
მომღერალი გურულები და ინგლისური ფირმა „გრამოფონი“ – ყველაზე ძველი ქართული ჩანაწერი - Sputnik საქართველო
ლილი გოგებაშვილი

- ფონდში ბევრი გამორჩეული ქართველის ხმაა დაცული, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ისინი მკითხველს...

- დიახ, ფონდში არის აკაკი წერეთლის, იოსებ გრიშაშვილის, ვანო სარაჯიშვილის, გალაკტიონის, ივანე ბერიტაშვილის, სანდრო ინაშვილის და კიდევ მრავალი სხვა ღირსეული ქართველის უნიკალური ჩანაწერი.

- დღეს ბევრია უსახელო ჩანაწერი, რომელიც იშიფრება?

- როცა სამუშაო ფონოტეკა გაუქმდა, იქიდან ბევრი უსახელო და უნომრო ჩანაწერი ჩამოიტანეს და დღეს მათ ვშიფრავთ, ნომერს ვაძლევთ და ჟურნალში ვატარებთ. ადრე, როგორც იცით, ყველაფერი ფირზე იყო, დღეს ისინი ციფრულზე გადაგვაქვს.

© photo: courtesy of Nunu Dalakishviliნუნუ დალაქიშვილი და ლილი გოგებაშვილი
მომღერალი გურულები და ინგლისური ფირმა „გრამოფონი“ – ყველაზე ძველი ქართული ჩანაწერი - Sputnik საქართველო
ნუნუ დალაქიშვილი და ლილი გოგებაშვილი

- ადრე რადიოში „ლიტ-დრამის“ სტუდიაში ძალიან ბევრი ცნობილი მსახიობი დადიოდა სპექტაკლის ჩასაწერად...

- დიახ, ამ სტუდიაში ბევრი ცნობილი მსახიობი მოდიოდა რადიოსპექტაკლის ჩაწერაზე, აუდიოჩანაწერებს თეატრებიდანაც ვიღებდით. არ შემიძლია, რომ ქალბატონი შოვინა ქაცარავა და ბატონი ზურაბ კანდელაკი არ ვახსენო, ამ სპექტაკლებს ისინი წერდნენ. სტუდიაში ხშირად ვხვდებოდი ეროსი მანჯგალაძეს, ირაკლი უჩანეიშვილს, რეზო თავართქილაძეს, ტარიელ საყვარელიძეს, გიზო სიხარულიძეს, ციალა შუბლაძეს, მურმან ჯინორიას და სხვებს... ჩვენი რადიო-დიქტორებიც მსახიობები არ იყვნენ?! – ლამზირა ჩხეიძე, თათია ხაინდრავა, დავით სოკოლოვი, რევაზ ჩხაიძე, ლევან ყავლაშვილი, ციალა შუბლაძე, ელენე ტაბლიაშვილი, ქეთო ლანდია, თინა ელბაქიძე, თინა მგალობლიშვილი, ჯემალ მელქაძე, ირმა გურიელი... რადიოდან მერე ბევრი ტელევიზიაში გადავიდა...

© hoto: courtesy of Lili Gogebashviliდაჯილდოების საღამოზე
მომღერალი გურულები და ინგლისური ფირმა „გრამოფონი“ – ყველაზე ძველი ქართული ჩანაწერი - Sputnik საქართველო
დაჯილდოების საღამოზე

- რამდენადაც ვიცი, შარშან „ოქროს საშვი“ გადმოგეცათ, რას ნიშნავს ეს?

- შარშან, დეკემბერში საახალწლოდ გაიმართა შეხვედრა ძველ თანამშრომლებთან, ვისაც რადიოში მუშაობის 40 წლის სტაჟი ჰქონდა. მათ შორის მეც მოვხვდი. ყველას ფულადი ჯილო გადმოგვცეს. ასევე მომცეს „ოქროს საშვი“, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში, როდესაც აქ აღარ ვიმუშავებ, ნებისმიერ დროს შემიძლია რადიოში მოსვლა და ჩემი მშობლიური განყოფილების მონახულება. რადიო ჩემი მეორე ოჯახია, სადაც ცხოვრების საუკეთესო წლები მაქვს გატარებული. რადიოს გარეშე ალბათ ვერ ვიარსებებ...

ყველა ახალი ამბავი
0