თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საცხოვრებელი სახლების უმეტესობა არ შეესაბამება სეისმომედეგობის ნორმებს, ამიტომ ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში დიდი მსხვერპლი იქნება, განაცხადა პროფესორმა ანზორ საკანდელიძემ.
„Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს–ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე საკანდელიძემ ჩამოთვალა ის სახიფათო ფაქტორები, რომლებიც მოსახლეობას მიწისძვრის დროს ემუქრება.
ერთ–ერთი მთავარი პუნქტი შენობების მშენებლობაა, რომლებიც უსაფრთხოების ნორმებს არ შეესაბამება. როგორც პროფესორმა აღნიშნა, დარღვევები მას შემდეგ გახშირდა, რაც ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს გააუქმა კანონი, რომელიც საცხოვრებელ სახლებს შორის მინიმალურ დასაშვებ დაშორებას გულისხმობდა. ამ კანონის გაუქმების შემდეგ მანძილი სახლებს შორის პრაქტიკულად აღარ დარჩა, ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგანან.
„მრავალსართულიანი შენობები ორ–სამსართულიანი სახლების გვერდით ააშენეს. მრავალსართულიანმა შენობებმა დააზიანა დაბალი სახლების საძირკველი, რის გამოც ისინი ავარიული გახდა. ამ ყველაფერთან ერთად მაღალი შენობების აშენების გამო დაბალ სახლებში დღის შუქიც ვეღარ აღწევს, აღარ არის ბუნებრივი ვენტილაცია“, – განაცხადა საკანდელიძემ.
იმის გამო, რომ შენობები ავარიული ხდება – ჩნდება ბზარები, შენობებში ვეღარ აღწევს მზის შუქი, ვერ ნიავდება – მათი ფასი არა თუ განახევრდა, მეტიც – ბინები ასეთ სახლებში საერთოდ აღარ იყიდება, აცხადებს მეცნიერი.
შეიძლება მიწისძვრა არ იყოს ისეთი ძლიერი და მობინადრეებმა მოასწრონ სახლებიდან გამოსვლა, მაგრამ ქალაქში დასადგომი ადგილიც კი თითქმის აღარ დარჩა.
„ყველამ ვიცით, რომ მიწისძვრის დროს ხანძრებიც ჩნდება. წარმოიდგინეთ, რომ ეს ხდება ღამით და არ იცით, სად და როგორ წახვიდეთ. მით უფრო, რომ ახლა სახლები ძალიან მჭიდროდაა აშენებული. თუ ჩამოხვალთ, სად წახვალთ? ადგილი უბრალოდ არ იქნება. მსხვერპლი ძალიან დიდი იქნება, ეს დიდი ტრაგედია იქნება“, – აღნიშნა საკანდელიძემ პრესკონფერენციაზე.
ექსპერტის სიტყვებით, 2000–2010 წლებში, ანუ 10 წლის განმავლობაში მიწისძვრებს მთელ მსოფლიოში 43%-ით მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ვიდრე წინა 50 წლის მანძილზე – 1950–2000 წლებში. მიწისძვრები გახშირდა საქართველოსა და მის საზღვრებთან – აგვისტოდან მოყოლებული უკვე ათზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა.