ყველასათვის საყვარელი თათული ედიშერაშვილი დები ღლონტების როლით იმდენად ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებას მისი და თამთა ნიკოლაძის ერთმანეთის გარეშე წარმოდგენა აღარ შეუძლია. ცნობილ სატელევიზიო სერიალში თათული კაპარჩხინა თამარის როლს ასრულებს, ხოლო თამთა ცნობისმოყვარე ქეთევანს განასახიერებს. ორივემ პოპულარობა და მაყურებლის დამსახურებული სიყვარული სერიალის გასვლის შემდეგ შეიგრძნო. თათული ედიშერაშვილი ახლა უფრო მეტად თეატრის სცენაზე ჩნდება, მაგრამ კინოფილმებშიც აქტიურად მონაწილეობდა. ამჟამად თათული ახმეტელის თეატრის სპექტაკლში „იმერული რეკვიემი“ შურა ექთნის როლს ასრულებს.
წარმატებული მსახიობი 2009 წელს დაოჯახდა. მისი რჩეული მიხეულ ჩიმჩიური იყო. წყვილს ქორწინებიდან ორი ქალიშვილი – ნანუკა და სესე შეეძინა. გოგონებს შორის ასაკობრივი სხვაობა ორი წელია. ნანუკა ცხრა წლისაა, ხოლო სესე – შვიდის. 38 წლის მსახიობი მზრუნველი და მოსიყვარულე დედაა. ინტერვიუში პატარა გოგონები ამბობენ, რომ თათული მათ მიმართ სიმკაცრეს არ იჩენს და მეგობრული დამოკიდებულება აქვს.
დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, საოჯახო საქმის კეთებისგან არასდროს იღლება და საყვარელი ადამიანებისთვის გემრიელი კერძების მომზადება სიამოვნებს. სირთულეების მიუხედავად, ცხოვრება ძალიან უყვარს, რომანტიკული ვითარებები ხიბლავს და ბედნიერების დეტალებში აღქმა შეუძლია; როგორც თავად ამბობს, ტკბება იმით, რაც ცხოვრებამ უბოძა.