თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ერევანში თავის სომეხ კოლეგას ზოჰრაბ მნაცაკანიანს შეხვდა, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
მთავარმა დიპლომატებმა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებს, თანამშრომლობის განვითარებას ტურიზმის სფეროში. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.
მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისთვის აქტიური მუშაობის მზადყოფნა გამოთქვეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ერევანში მთავრობის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება. დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.