თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს სირიაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ცოცხალი აღარ არის, განაცხადა პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა.
ტერორისტული საფრთხე: რამდენი მომხრე ჰყავს „ისლამურ სახელმწიფოს" საქართველოში >>
2017 წლის სექტემბერში ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე გახდა, ხოლო ერთი თვის წინ, მას შემდეგ, რაც ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაუდგა სათავეში, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.
„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიაში მონაწილეობენ ქართული ბატალიონები (ISI-ს მხარეს), არის დეზინფორმაცია. იქ არის რამდენიმე მოქალაქე, იქ მყოფთა უმეტესობა დაიღუპა და დაახლოებით 18 მათგანი სპეციალურ ბანაკებში იმყოფება. საქართველოში დაბრუნებული კონტინგენტიდან სამი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული”, – განაცხადა ლილუაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.
ასე უპასუხა მან კითხვას, ემუქრება თუ არა საქართველოს საფრთხე „ისლამური სახელმწიფოსგან" მხრიდან.
ადრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოში 2018 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა „ისლამური სახელმწიფოს" გავლენა და მხარდამჭერთა რაოდენობა მოსახლეობაში. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიასა და ერაყში დაახლოებით 30 საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.