ვინ არის გოგონა, რომელიც ნასოფლარს დაუბრუნდა იქ, სადაც ლოცვა არწივთა ფრთებქვეშ აღევლინება

© Sputnik / Vladimir Umikashviliლიკა მირაქიშვილი
ლიკა მირაქიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოგონა, რომელიც ოჯახთან ერთად სოფელ თოთს, უფრო სწორედ, ნასოფლარს დაუბრუნდა, 23 წლის ლიკა მირაქიშვილია. იქ დღეს არავინ ცხოვრობს, არავინ ლიკას ოჯახის გარდა...

იქ, სადაც ლოცვა არწივთა ფრთებქვეშ აღევლინება, ცის გუმბათს აყუდებულმა მთებმა ფერი იცვალეს და გადაცვალეს სუნამო ნისლით დამდგარ სუნში...

და თუ აქ სადმე არ არის ანგელოზი, გამოჩნდეს მალე... და ისიც დაბრუნდა...

იქ არც შუქი, არც სამანქანო გზა, არც სასმელი წყალი, არც ბუნებრივი აირი იყო, სახლებიც დანგრეულია, მაგრამ მაინც სიმღერით დაბრუნდა: „მთის შვილს რა გინდა, ძვირფასო, ბარში, გადვივლი მთებს და ჭიუხებს მოვალ... ამოგაკითხავ დაზაფრულ მთაში, მთაში, რომელიც გაყინა თოვლმა“.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსოფელი თოთი
ვინ არის გოგონა, რომელიც ნასოფლარს დაუბრუნდა იქ, სადაც ლოცვა არწივთა ფრთებქვეშ აღევლინება - Sputnik საქართველო
სოფელი თოთი

სოფელი ხალხისგან დიდი ხნის წინ დაიცალა. 2002 წლის აღწერით, იქ აღარავის უცხოვრია. ანგელოზი, რომელიც ოჯახთან ერთად თოთს, უფრო სწორედ, ნასოფლარს დაუბრუნდა, 23 წლის ლიკა მირაქიშვილია. იქ დღეს არავინ ცხოვრობს, არავინ ლიკას ოჯახის გარდა.

გოგონამ გადაწყვიტა უძველესი კერა აღედგინა, დედაქალაქში გაპრიალებული ოფისი მიატოვა და ჭიუხებში დაიდო ალაგი. ყაზბეგში უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, 2018 წლის ზაფხულში დაბრუნდა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსოფელი თოთი
ვინ არის გოგონა, რომელიც ნასოფლარს დაუბრუნდა იქ, სადაც ლოცვა არწივთა ფრთებქვეშ აღევლინება - Sputnik საქართველო
სოფელი თოთი

ლიკა ამბობს: „ხალხს მუშაობა ჰგონია ცხოვრება, აქ ცხოვრება სულ სხვა რამაა. თოთი ყოველ შეხვედრაზე შეცვლილი მხვდებოდა, ცუდისკენ. ყოველ წელს ერთი სახლი ინგრეოდა. დაბრუნებით სხვისთვისაც იმედი მინდოდა მიმეცა. თბილისი არასდროს იყო „ჩემი“. გაცვლითი პროგრამით უცხოეთშიც შემეძლო წასვლა, მაგრამ აქაურობის შემხედვარეს იქ რა მინდა?!“

ლიკამ სადარბაზოებს წინაპრების ფუძე არჩია და ფანდურის ანაბარამ მთებს მიაშურა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსოფელი თოთი
ვინ არის გოგონა, რომელიც ნასოფლარს დაუბრუნდა იქ, სადაც ლოცვა არწივთა ფრთებქვეშ აღევლინება - Sputnik საქართველო
სოფელი თოთი

უწინ მთაში ერთმანეთის იმედად ცხოვრობდნენ, ახლა თოთში მხოლოდ მირაქიშვილების ოჯახია – ლიკა, ორი ძმა, დედა და მამა.

არშიდან თოთამდე სამშენებლო მასალები ხელით და ცხენებით აზიდეს. გზაც ისეთია, რომ „მასზე გამვლელს უნდა ჰქონდეს მარჯვე თვალი, მტკიცე გული, ანუ ჰყავდეს რაში ცხენი, მთაში გაზრდილ-გამოწვრთნილი“.

პირველად ხის ორი კოტეჯი ააშენეს. ორმა ფიცრულმა დიდი მიზნები დასახა. ოჯახმა მალე სოფელში ძალიან შორიდან ტექნიკის დახმარების გარეშე წყალიც შემოიყვანა – დავარცხნილ თმებზე თავშალით, ხელში კი ბარი და წერაქვით.

„ყაზბეგის განვითარების ჯგუფი“ პროგრამის ფარგლებში ოჯახს მზის პანელებით და 20 ათასი ლარით დაეხმარა. ზღვის დონიდან 1 860 მეტრზე მდინარე თერგთან ნათურა პირველად აინთო. ამ დროისთვის ნასოფლარის აღსადგენად 45 ათასი ლარია დახარჯული.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსოფელი თოთი
ვინ არის გოგონა, რომელიც ნასოფლარს დაუბრუნდა იქ, სადაც ლოცვა არწივთა ფრთებქვეშ აღევლინება - Sputnik საქართველო
სოფელი თოთი

ლიკა ამბობს, რომ სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზა არ არსებობს. ავს და მტერს, სასწრაფოს გამოძახება რომ გახდეს საჭირო – ორ საათზე ადრე ვერ მივა. იმასაც ამბობს, ერთმა ტრაქტორმა ერთხელ მაინც რომ გაიაროს და გზა გაწმინდოს, საკმარისი იქნება, თუმცა მრავალი მიმართვის მიუხედავად ყაზბეგის მერია ლიკას არ დახმარებია. გამგეობაში ლიკას ყველა იცნობს, ყველამ იცის ლიკას პრობლემები.

ამასთან ერთად, თოთიდან მყინვარწვერამდე ყველაზე მოკლე და მარტივი საფეხმავლო გზაა, თუმცა იმის გამო, რომ თოთამდე არც გზაა და არც ბილიკია მარკირებული, სტუმრები ამ გზით თითქმის არ სარგებლობენ.

თავის იმედად დარჩენილმა გოგონამ თოთსა და ყაზბეგის სხვა სოფლებში არსებული პრობლემების გადასაწყვეტად ახალგაზრდების დახმარებით ხევის სათემო ორგანიზაცია დააფუძნა. უნდათ, რომ ყაზბეგის სოფლებსა და ნასოფლარებში ძველი სახლების, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე, ეკოტურიზმის განვითარებაზე, ახალგაზრდების მხარდაჭერასა და ხალხის დაბრუნებაზე იზრუნონ.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსოფელი თოთი
ვინ არის გოგონა, რომელიც ნასოფლარს დაუბრუნდა იქ, სადაც ლოცვა არწივთა ფრთებქვეშ აღევლინება - Sputnik საქართველო
სოფელი თოთი

მოხევეების ოჯახი იქამდე აპირებს ყაზბეგში ცხოვრებას, ვიდრე ცხენზე ჯდომას შეძლებენ, სანამ კლდენი და ხევნი ტანში ჟრუანტელით გაიმეორებენ ომახიან ყაზბეგურ გადაძახილს.

ლიკას სურს, თითქმის დანგრეული მამაპაპისეული სახლი ისე გაამაგროს, რომ იცხოვრებოდეს. აბა ამ ქვის ლოდებით ნაშენ სახლთან კოტეჯი რა მოსატანია. კიდევ სურს, რომ ნაცნობი თუ უცხო ქვეყნის ხალხს მოხევური სამზარეულო გააცნოს, 20-ნაოჭიანი ხინკალი მოახვიოს და გარშემო ყველაზე ბევრი ყვავილი ჰქონდეს.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსოფელი თოთი
ვინ არის გოგონა, რომელიც ნასოფლარს დაუბრუნდა იქ, სადაც ლოცვა არწივთა ფრთებქვეშ აღევლინება - Sputnik საქართველო
სოფელი თოთი

გარშემო კლდეები ქვის ყვავილები ჰგონია, მთებს კი წინაპრების მოყოლილი ამბებიდან პერსონაჟებს ამსგავსებს და ლეგენდებს აგრძელებს. იქ მთები ციდან იწყება. იქიდან ცა სხვანაირად ჩანს.

სოფელ თოთის აღდგენა გრძელდება ისევ დავარცხნილ თმებზე თავშალით, ხელში კი ბარი და წერაქვით. იმედია, მალე მირაქიშვილებს სხვებიც შეემატებიან. ასეა, ადრე თუ შავფაროსნები იცავდნენ მთებს, ახლა მთას ლიკა ჰყავს. მთის ანგელოზმა გადაწყვიტა, რომ წარსულის ერთადერთი დადებითი მხარე წარსული არაა მაშინ, როცა ამ მთების ჩრდილი ისევ გულებზე წვება, ყოველთვის, როცა ამოდის მთვარე, დახეული ჯინსების ეპოქიდან წამოვიდა და მთის გუმბათს აყუდებულ მთებს შეეფარა...

ყველა ახალი ამბავი
0