თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. გლდანში არასრულწლოვანი ბიჭი გამვლელმა დაჭრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა თბილისში ორი დღის წინ მეტროს სადგურ „ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 15 წლამდე მოზარდი ადგილზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მის მამასა და უცნობ პირს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. სიტყვიერი შელაპარაკება სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდა. შედეგად უცნობმა პირმა მოზარდს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.