თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე იგი არ დაუკითხავთ.
„რატომ უნდა ვიყო პროკურატურაში?!“ – ასე უპასუხა ზურაბიშვილმა მისი საქართველოს პროკურატურაში შესაძლო დაბარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
პროკურატურაში უკვე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები.
ერთადერთი, ვინც ამ საკითხზე მასმედიისთვის კომენტარი გააკეთა, დიმიტრი გაბუნიაა. მისი განცხადებით, მას მსჯავრდებულთა შეწყალების საქმესთან კავშირი არ აქვს და ის იმედს გამოთქვამს, რომ პროკურატურა გაერკვევა საქმეში.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მან პირადად მიიღო გადაწყვეტილება შეწყალების სიასთან დაკავშირებით და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებელიც თავადაა. სკანდალის შემდეგ, რომელიც მსჯავრდებულთა შეწყალების აქტების შემდეგ აგორდა, ზურაბიშვილმა მორატორიუმი გამოაცხადა. მისი თქმით, კონკრეტული წესების შემუშავებამდე ის არავის აღარ შეიწყალებს.
პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან დეტალების შესახებ საუბარზე პრეზიდენტი უარს აცხადებს. „შეწყალებაზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია. შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან სამი სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა, ორი – ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, ერთი კი ძებნილი იყო. შედეგად საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
შეწყალების აქტებმა არა მარტო ოპოზიციის, არამედ მმართველი პარტიის ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებლობის შემთხვევაში პროკურატურა პრეზიდენტსაც დაკითხავს.
შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის ერთპიროვნული უფლებაა.
პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.