თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. სტეფანწმინდის რაიონში, სოფელ ჯუთაში, მწვერვალზე, მაშველებმა ორი დაშავებული ადამიანი გადაარჩინეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
შემთხვევა ჭაუხების ტერიტორიაზე ერთ-ერთ მწვერვალზე გადაადგილებისას მოხდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყონებლივ გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.
რთული რელიეფის და დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო.
ჯუთას მიმართულებით სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გავიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.
მაშველებმა დაშავებული მოქალაქეები თბილისში გადაიყვანეს. ისინი ამჟამად სტაციონარში იმყოფებიან, სადაც მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.