ათეულობით კილოგრამი სუბუტექსი, ჰეროინი და კოკაინი – რა ხდება ქართულ ნარკობაზარზე

CC0 / Pixabay / ნარკოტიკი
ნარკოტიკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების უკანონო გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის ბრიფინგი, ინფორმაციას შსს-ს პრეს-სამსახური ავრცელებს.

პოლიციის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის რვა პირი დააკავეს, მათ შორის ხუთი ნარკორეალიზატორია.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 1303 აბი და 16 ნატეხი. ასევე ამოღებულია 2900 აშშ დოლარი და 100 ლარი. გარდა ამისა სამართალდამცველებმა ამოიღეს დაკავებულის მიერ წინასწარ სარეალიზაციოდ გამზადებული 40 აბი „სუბუტექსი“.

ბოლო პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთ პირი დააკავეს რუსთავში. პოლიციამ დამნაშავის ჩხრეკისას 964 გრამი „ჰეროინი“ ამოიღო.

პოლიციამ ასევე გამოავლინა ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი და მისი სამივე წევრი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები გასაყიდ ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისის სხვადასხვა უბნებში, სპეციალურ სამალავებში ათავსებდნენ და მის მყიდველებს საკომუნიკაციო პლატფორმების საშუალებით აღნიშნული სამალავების ფოტოებს უგზავნიდნენ.

კიდევ ერთი ნარკორეალიზატორი იქნა დაკავებული თბილისში. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას ერთი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“, ორ შეკვრად დაფასოებული მარიხუანა და რვა შეკვრად დაფასოებული ფსიქოაქტიური ნივთიერება „ბიო“ აღმოაჩინეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. პოლიციამ ჩხრეკისას მისი ფეხსაცმლის ძირებიდან 500 გრამამდე „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ასევე თბილისის აეროპორტში დაკავებულ მეორე პირს ხელბარგში 23 კილოგრამი მარიხუანა აღმოაჩნდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო: 26 კილოგრამი ჰეროინი, 2 კილოგრამი კოკაინი, 13 500 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 23 კილოგრამი MDA, 9,7 კილოგრამი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1,5 კილოგრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

ყველა ახალი ამბავი
0