თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ქართულმა კლუბმა თბილისის „დინამომ" წყალბურთში ჩემპიონთა ლიგაში მიმდინარე სეზონის ასპარეზობა წარუმატებლად დაიწყო.
პირველი შეხვედრა „დინამომ" გასვლით მატჩში ესპანურ კლუბ „ტერასასთან" წააგო ანგარიშით 5:9.
შეხვედრის პირველი მეოთხედი ფრედ 1:1 დასრულდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, გადამწყვეტი თამაშის მეორე მეოთხედი გამოდგა, რომელშიც ესპანელებმა ანგარიშით 6:2 გაიმარჯვეს.
მეორე ტაიმში ქართველი სპორტსმენები თამაშში დაბრუნებას და შედეგის გამოსწორებას შეეცადნენ. მესამე მეოთხედი ანგარიშით 1:0 დაასრულეს, მაგრამ მასპინძლების დაწევა ვეღარ მოახერხეს, მით უმეტეს, რომ მატჩის დასკვნითი მეოთხედი „ტერასას" სასარგებლოდ 2:1 დასრულდა.
ქართული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში მომდევნო შეხვედრას 19 ოქტომბერს ხორვატიაში გამართავს. თბილისის „დინამოს" მოწინააღმდეგე ხორვატიის „მლადოსტი“ იქნება.
მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში ორ ჯგუფად დაყოფილი 16 კლუბი მონაწილეობს. ტურნირის მომდევნო ეტაპზე თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი გადის.