რომელი მარშრუტებით იმოძრავებენ თბილისში ახალი ავტობუსები?

© Sputnik / Alexander Imedashviliმწვანე ავტობუსი MAN
მწვანე ავტობუსი MAN - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი ავტობუსით იმგზავრა.

თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. დიზელზე მომუშავე ISUZU-ს მარკის ახალი ავტობუსები თბილისის ქუჩებში გამოჩნდა.

კალაძე: ტაქსის გაძვირება ნორმალურია, თუ ვინმეს პრობლემა აქვს, იქნება ახალი ავტობუსებიც >>

დედაქალაქის მერიამ 220 რვამეტრიანი მწვანე ავტობუსი შეიძინა. აქედან 60 უკვე დედაქალაქშია. დანარჩენი 160 ავტობუსი ქალაქის ქუჩებში წლის ბოლომდე გამოჩნდება.

ავტობუსების ნაწილი ქალაქში ხუთშაბათს გამოვიდა. დანარჩენ მგზავრებთან ერთად №34 ავტობუსით წყნეთის მიმართულებით თბილისის მერმა კახა კალაძემაც იმგზავრა.

„ყველაზე მეტად რაც მიხარია, ახლა ვიმგზავრე ახალი ავტობუსით და მოსახლეობა, მგზავრები არიან ძალიან ბედნიერები. ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ, რომ ჩავანაცვლოთ ის ყვითელი ავტობუსები, რომლებიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. რასაკვირველია, ამაზე არ უნდა შევჩერდეთ“, – განაცხადა კალაძემ.

№34 ავტობუსის გარდა, რომელიც დადის მარშრუტით „წყნეთი–ვაგზლის მოედანი“, ახალი ავტობუსები ეტაპობრივად განაწილდება შემდეგ მარშრუტებზე:

ავტობუსის ნომერი მარშრუტი ახალი ავტობუსების რაოდენობა
28 „სვანეთის უბანი - მარჯანიშვილის მოედანი“ 4
42 „იყალთოს გორა - ბარათაშვილის ქუჩა“ 4
56 „ორხევი - მეტრო „ისანი“ 5
66 „ვაგზლის მოედანი - შატბერაშვილის ქუჩა“ 3
78 „ვაგზლის მოედანი - ჯაფარიძის ქუჩა“ 4
108 „სოფელი გლდანი - მეტრო „ახმეტელის თეატრი“ 4

ISUZU-ს მარკის ავტობუსები 53 მგზავრზეა გათვლილი, აქედან 21 ადგილი დასაჯდომია. ის შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებულია. ავტობუსში არის WiFi, გათბობის თანამედროვე სისტემა, კონდიცირება და ვენტილაცია. სალონში დამონტაჟებულია ვიდეოკამერები და USB–დამტენები.

MAN-ის მწვანე ავტობუსები - Sputnik საქართველო
თბილისის ქუჩებში ახალი მწვანე ავტობუსები გამოჩნდება

პროექტის საერთო ღირებულება 64,8 მილიონი ლარია.

2019 წლის ბოლომდე ქალაქის ხელისუფლება გეგმავს ამორტიზებული ავტობუსების მთლიანად შეცვლას, 2020 წლისთვის კი ახალი ავტობუსების რაოდენობის 900-მდე გაზრდას.

ამჟამად თბილისში 600–650 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს. მათგან 183 ახალი, MAN-ის მარკისაა. ისინი ეკოლოგიურად უფრო სუფთა და შშმ პირებისთვის ადაპტირებულია.

დღეში ავტობუსები საერთო ჯამში 109,5 ათას კილომეტრს გადიან და 1,8 ათას გაჩერებაზე ჩერდებიან.

ყველა ახალი ამბავი
0