თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი სამი ტურის შემდეგ ტოვებს ATP Masters 1000-ის სერიის ტურნირს შანხაიში.
ბასილაშვილი 1/8 ფინალში ორ სეტში დამარცხდა მეოთხე ნომრად განთესილ ავსტრიელ ჩოგბურთელ დომინიკ ტიმთან – 3:6, 4:6. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში დათმო თავისი ჩაწოდება, როცა ანგარიში 1:1 იყო, რის შემდეგაც ვეღარ შეძლო თამაშის შემობრუნება. მეორე სეტში ბასილაშვილმა უკვე ორი თავისი ჩაწოდება წააგო.
ჩოგბურთელები ერთმანეთს 2017 წელს სოფიაში გამართულ ტურნირზე შეხვდნენ, მაშინ ბასილაშვილმა მოუგო ავსტრიელს 6:4, 6:4.
პირველ წრეში ქართველმა ჩოგბურთელმა მოლდოველ სპორტსმენ რადუ ალბოტს სამ სეტში მოუგო – 4:6, 6:1, 6:3. შემდეგ ბასილაშვილმა ფრანგ ბენუა პერს ანგარიშით 2:1 მოუგო (6:4, 1:6, 6:1).
აღსანიშნავია, რომ შარშან ამავე ტურნირზე ბასილაშვილმა გერმანელ ალექსანდრე ზვერევთან ორ სეტში წააგო – 5:7, 4:6 და ტურნირი უკვე მეორე წრის შემდეგ დატოვა. შარშან შანხაიში ტურნირის გამარჯვებული იყო სერბი ჩოგბურთელი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი.
ტურნირი შანხაიში, რომლის საპრიზო ფონდი 8 322 885 ამერიკული დოლარია, 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება.