თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. გასული წლის განმავლობაში საქართველოში თვითმკვლელობით სიცოცხლე 389 კაცმა დაასრულა, ხოლო მიმდინარე წლის ექვს თვეში — 207-მა კაცმა, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
გარდა ამისა, გასულ წელს სუიციდის მცდელობა ჰქონდა 219 ადამიანს, მიმდინარე წლის გასულ პერიოდში კი 477-მა ადამიანმა სცადა თავის მოკვლა.
„ფსიქიკური ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სფეროა საქართველოში და მიუხედავად იმისა, რომ უნდა ჰქონდეს შემუშავებული სუიციდის პრევენციის პროგრამა, ჩვენს ქვეყანას ასეთი პროგრამა არ აქვს“, — განაცხადა ლომჯარიამ.
ქვეყნის სახალხო დამცველმა ეს განცხადება მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა, რომელიც 1992 წლიდან აღინიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით. წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე სუიციდის პრევენციას ეძღვნება.
ნინო ლომჯარიას თქმით, ბოლო წლებში საქართველოში ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში საბიუჯეტო დაფინანსება იზრდება, მაგრამ ეს თანხები „ძირითადად ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის მიემართება“.
„გარკვეულ სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ნამდვილად გაუმჯობესდა ვითარება, თუმცა ეს არის ძალიან მინიმალური და არასაკმარისი იმ გამოწვევებისთვის, რაც ამ სფეროში არსებობს“, — აღნიშნა ომბუდსმენმა.
როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, ხშირ შემთხვევაში ფსიქიკურ პრობლემებს ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარება იწვევს და ასეთ შემთხვევებში სახელმწიფოში „არ არსებობს გამართული კოორდინაცია ნარკოლოგიურ ან ფსიქიატრიულ დაწესებულებებს შორის“.
საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა ხელისუფლებას, უმოკლეს ვადებში დაიწყოს სფეროს რეფორმირება – მოაწყოს მცირე საცხოვრებლები, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი პაციენტებისთვის, რათა მათ საზოგადოებაში ინტეგრაცია შეძლონ.