თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ადამიანის მკვლელობისთვის გათვალისწინებული სასჯელი შესაძლოა გამკაცრდეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში: მამაკაცმა ჯერ მსხვერპლს ესროლა და შემდეგ თავი მოიკლა >>
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძე არ გამორიცხავს, რომ მკვლელობის საქმეებთან დაკავშირებული სანქციების გამკაცრებაზე შესაბამისი ინიციატივა მომზადდეს.
„თბილისში, ბოლო წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, ერთი-ორი საქმის გარდა, მკვლელობის გაუხსნელი საქმე არ არსებობს, მაგრამ ამის მიუხედავად, მგონია, რომ მკვლელობის პრევენციისთვის, სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დავიწყოთ მსჯელობა, გავამკაცროთ თუ არა მკვლელობისთვის სანქცია, რაც საფუძველს მოგვცემს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის პრევენცია მოხდეს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, ხოლო თუ ის ჩადენილია, მაგალითად, დამამძიმებელ გარემოებებში და განსაკუთრებული სისასტიკით, დამნაშავეს შესაძლოა 20 წლით ან უვადო პატიმრობაც შეეფარდოს.