თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსა და გრენადას შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობებს შორის მოლაპარაკების დაწყების შესახებ განკარგულება გამოსცა, იუწყება პირველი არხი.
გრენადა კუნძულოვანი სახელმწიფოა, მდებარეობს კარიბის ზღვაში. გრენადის მთავარ კუნძულს ჯავზის მრავალრიცხოვანი პლანტაციების გამო სანელებლების კუნძულს ეძახიან. კუნძულოვანი სახელმწიფოს მოსახლეობა 112 ათასი ადამიანია.
დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსა და გრენადას შორის 2011 წლის 23 ნოემბერს დამყარდა. გრენადაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ფუნქციებს აშშ-ში საქართველოს საელჩო ასრულებს.
მიმდინარე წლის რვა თვეში გრენადიდან საქართველოში მხოლოდ ერთი ადამიანი ჩამოვიდა, შარშან კი – ოთხი.
ამჟამად საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო ან გამარტივებული სავიზო რეჟიმი 113 ქვეყანასთან მოქმედებს.