თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მერკელი: საქართველოსთვის სამუშაო კვოტებს შევქმნით >>
შტაინმაიერი საქართველოში ჩამოვა მეუღლესთან, ელკა ბუდენბენდერთან ერთად.
ოფიციალური მისასალმებელი ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სასახლეში გაიმართება. ორი ქვეყნის პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას გამართავენ, შემდეგ კი - გაფართოებულ ფორმატში. შემდეგ ისინი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
შტაინმაიერის ვიზიტის პროგრამაშია - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობა.
გერმანიის პრეზიდენტი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ასევე ქართველ ბიზნესმენებს.
შტაინმაიერი აგრეთვე ეწვევა კახეთის რეგიონს და რამდენიმე ღვინის ქარხანას დაათვალიერებს.
ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, შტაინმაიერი ეწვევა ალავერდის საკათედრო ტაძარს (კახეთის მხარე) და მეფე ერეკლე მეორის მუზეუმს.